გრეგ პოპოვიჩმა „სან ანტონიოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და გუნდის პრეზიდენტის თანამდებობაზე გადაინაცვლა #1TVSPORT
გრეგ პოპოვიჩმა NBA-ს ერთ-ერთი ყველაზე წარამტებული გუნდის, „სან ანტონიოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და გუნდის პრეზიდენტის თანამდებობაზე გადაინაცვლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პოპოვიჩმა გადაწყვეტილება გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. კალათბურთის 76 წლის სპეციალისტმა გასულ რეგულარულ სეზონშიც რამდენიმე კვირა გუნდთან ერთად ვერ გაატარა.
პოპოვიჩი „სან ანტონიოში“ პირველად 1988 წელს, მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე დაინიშნა. ის მთავარი მწვრთნელი 1996 წელს გახდა და მას შემდეგ ტეხასური გუნდი NBA-ს ჩემპიონი ხუთჯერ გახდა.
„სან ანტონიო“ პოპოვიჩთან ერთად ტიტულს 1999, 2003, 2005, 2007 და 2014 წლებში დაეუფლა. პოპოვიჩის ხელმძღვანელობით გუნდში ისეთმა გამორჩეულმა კალათბურთელებმა ითამაშეს, როგორებიც ტიმ დანკანი, ემანუელ ჯინობილი, კავაი ლეონარდი და ტონი პარკერი არიან.
გრეგ პოპოვიჩი NBA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელად სამჯერ (2003, 2012, 2014) დასახელდა. ის ლიგის ისტორიაში ყველა დროის 15 საუკეთესო მწვრთნელს შორისაა შესული.