გრანიტ ჯაკა - მეორე ტაიმში ძალიან შეგვეშინდა და ამიტომ ვერ მოვიგეთ
გრანიტ ჯაკა - მეორე ტაიმში ძალიან შეგვეშინდა და ამიტომ ვერ მოვიგეთ

„არსენალის“ ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა აცხადებს, რომ მისმა გუნდმა „უოტფორდთან“ ქულები ზედმეტი შიშის გამო დაკარგა.

ლონდონური გუნდი გასულ უქმეებზე „ვიკარიჯ როუდს“ ეწვია და, მიუხედავად ორბურთიანი სხვაობით დაწინაურებისა, მეორე ტაიმში უპირატესობა ხელიდან გაუშვა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა – 2-2. გამარჯვება „არსენალს“ მესამე ადგილამდე ასწევდა, თუმცა ამ შანსის გამოყენება „მეთოფეებმა“ ვერ შეძლეს.

„არსენალისთვის“ ორივე გოლი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა, რასაც მეორე ტაიმში ტომ კლევერლიმ და რობერტო პერეირამ უპასუხეს.

თამაშის შემდეგ, გრანიტ ჯაკა გულახდილი იყო:

„რა მოხდა? კარგი შეკითხვაა. შესვენებაზე ჩვენ კარგ ხასიათზე გავედით, თუმცა მეორე ტაიმში საშინელი მატჩი ვაჩვენეთ. ასე თამაში არ შეიძლება. მე ვიტყოდი, გვეშინოდა. ბურთი არავის სურდა. საბოლოოდ, ჩემი აზრით, გაგვიმართლა, ერთი ქულა მაინც რომ ავიღეთ“.

ხუთი მატჩიდან რვა ქულით „არსენალი“ სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.