გრანდების მოსაგებად ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავით - გოჩა გოგრიჭიანმა ახსნა, რატომ ვერ მიაღწია პირველმა თაობამ წარმატებას #1TVSPORT
გრანდების მოსაგებად ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავით - გოჩა გოგრიჭიანმა ახსნა, რატომ ვერ მიაღწია პირველმა თაობამ წარმატებას #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გოჩა გოგრიჭიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“ ჩართვისას „ჯვაროსნების“ საუკეთესო თამაში გაიხსენა.

მან ასეთად უელსთან მატჩი დაასახელა. გოჩა გოგრიჭიანი 90-იან წლებში თამაშობდა და გამოდიოდა თბილისისა და სოხუმის „დინამოში“, სოხუმის „ცხუმში“, ლანჩხუთის „გურიაში“, სოჭის „ჟემჩუჟინაში“, კვიპროსის „ომინიასა“ და სხვა არაერთ კლუბში. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი იყო, მისი ფორმით ჩაატარა 9 მატჩი და გაიტანა 2 გოლი, მათ შორის ერთი – 1994 წლის ნოემბერში უელსთან მოგებულ მატჩში (5:0). ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გოლი, რაც კი საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს გაუტანიათ.

„უელსთან შეხვედრა მინდა გავიხსენო – პირველიდან ბოლო წუთამდე არანორმალურად კარგად ჩავატარეთ. ცუდად არ გამიგოთ, ეს მატჩი თბილისის „დინამოს“ მიერ ლონდონში „ვესტ ჰემთან“ გამარჯვებას მაგონებს. არის შეხვედრები, როდესაც ყველა ფეხბურთელს ის გამოსდის, რასაც მისგან მოითხოვენ და ეს ორი ასეთი შეხვედრა იყო“, – გაიხსენა გოჩა გოგრიჭიანმა.

რატომ ვერ შეძლო მისმა თაობამ მეტის მიღწევა? ვეტერანმა ფეხბურთელმა ამაზეც ისაუბრა.

„ჩვენი გუნდის მწვრთნელი თავიდან საშა ჩივაძე იყო, რომელსაც ვაფასებ როგორც დიდ ფეხბურთელს და როგორც დიდ მწვრთნელსაც. მაქსიმუმს ვერ მიაღწია, მაგრამ პატარა საქმე არ გაუკეთებია. ჩვენს ჯგუფში იყვნენ სულ გრანდები და ეს ფსიქოლოგიური ბარიერი ვერ გადავლახეთ და მეტოქეს ვერ ვაჯობეთ. ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავით“.