„გრან კანარია“ „რეალთან“ დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა, ბურჯანაძემ 16 წუთი ითამაშა

11:48, 01.02.2021

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია“ მადრიდში ერთპიროვნულ ლიდერ „რეალს“ დაუპირისპირდა და სენსაციამდე სულ ცოტა დააკლდა. მატჩი სამეფო კლუბმა 1 ქულის სხვაობით 81-80 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძემ გადამწყვეტ მეოთხე მეოთხედში თითქმის სრულად ითამაშა. ბექამ მოედანზე ჯამში სულ არასრული 16 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 5 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. სათქმელია ისიც, რომ ბექამ ყველა ქულა ბოლო პერიოდში დააგროვა და ამით თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ მატჩის ბედი ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო.

„გრან კანარიას“ „ლიგა ენდესაში“ 7 მოგება და 14 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 6 თებერვალს, შინ, „ბაქსი მანრესასთან“ ჩაატარებს.

მსგავსი