გოშთელიანმა სეზონის რეკორდი დაამყარა- „საბურთალოელმა“ „ლოკომოტივთან“ დუბლი და სამი ასისტი შეასრულა #1TVSPORT
გოშთელიანმა სეზონის რეკორდი დაამყარა- „საბურთალოელმა“ „ლოკომოტივთან“ დუბლი და სამი ასისტი შეასრულა #1TVSPORT

„საბურთალომ“ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის მატჩი ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით „ლოკომოტივთან“ ჩაატარა, დამაჯერებლად დაამარცხა და ხანგრძლივი მოუგებელი სერია შეწყვიტა – 5:1.

ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართულ შეხვედრაში „ლოკომოტივი“ მე-11 წუთზე ბიძინა მახარობლიძის გოლით დაწინაურდა, მაგრამ სტუმრებს გოლით გახარება დიდხანს არ დასცალდათ.

მატჩის გმირი გურამ გოშთელიანი იყო. მე-14 წუთზე მისი გადაცემით შოთა ნონიკაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, 21-ე წუთზე თავად გოშთელიანმა გაიტანა, ხოლო 43-ე წუთზე გადაცემით შოთა ნონიკაშვილმა დუბლი ისევ მისი პასით შეასრულა და „საბურთალომ“ ტაიმი 3:1 მოიგო.

გოშთელიანმა მეორე ტაიმიც უმაღლეს დონეზე ჩაატარა. 54-ე წუთზე იური ტაბატაძემ მეტოქის კარი მეოთხედ ისევ მისი ასისტით აიღო, ხოლო 59-ე წუთზე „საბურთალოს“ 10-მა ნომერმა დუბლი შეასრულა. 3 საგოლე გადაცემა და დუბლი ერთ თამაშში მიმდინარე სეზონის რეკორდია – ასე შედეგიანად ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში არავის უთამაშია.

„საბურთალომ“ შეხვედრა 5:1 მოიგო, 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 26 ტურის შემდეგ, 34 ქულით მე-6 ადგილზეა, „ლოკომოტივი“ კი 5 ქულით ბოლო, მე-10 პოზიციაზე დარჩა.