გორში მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს – 1983 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.