გორში ან თბილისში - სად ითამაშებს „საბურთალო“ მეორე ევროტურს, მალე გაირკვევა #1TVSPORT
გორში ან თბილისში - სად ითამაშებს „საბურთალო“ მეორე ევროტურს, მალე გაირკვევა #1TVSPORT

„საბურთალო“ ერთადერთი ქართული კლუბია, რომელმაც მიმდინარე ევროსეზონში პირველი ეტაპის მეტოქე დაამარცხა, მაგრამ ჯერ ცნობილი არ არის, კლუბი მეორე ეტაპის მატჩს სად ჩაატარებს.

„საბურთალო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ „სტიაუას“ შეხვდება – პირველი მატჩი 21 ივლისს საქართველოში გაიმართება, ხოლო განმეორებითს 28-ში ბუქარესტი უმასპინძლებს.

გუნდს საშინაო არენად გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი აქვს მითითებული, მაგრამ შესაძლოა, მეორე მატჩი თბილისში გამართოს. საბოლოოდ გადაწყვეტილებას, მატჩი გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გაიმართება თუ თბილისში, გუნდის ხელმძღვანელობა დღეს ან ხვალ მიიღებს და უეფა-სთან შეათანხმებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისურმა კლუბმა ალბანურ „პარტიზანთან“კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გორის „თენგიზ ბურჯანაზე არენაზე“ 0:1 წააგო, განმეორებით შეხვედრაში გასვლაზე ტირანაში მეტოქე 1:0 დაამარცხა, შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება კი პენალტების სერიის უკეთ შესრულებით (5:4) მოიპოვა.