გორის ნაცვლად თბილისში - „საბურთალო“ რუმინელებს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს #1TVSPORT
გორის ნაცვლად თბილისში - „საბურთალო“ რუმინელებს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს #1TVSPORT

„საბურთალო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ „სტიაუას“ თბილისში მიიღებს – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლუბის პრესსამსახურის უფროსმა კახა მგელაძემ აცნობა.

„საბურთალო“ ერთადერთი ქართული კლუბია, რომელმაც მიმდინარე ევროსეზონში პირველი ეტაპი დაძლია – ალბანურ„პარტიზანთან“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გორის „თენგიზ ბურჯანაზე არენაზე“ 0:1 წააგო, განმეორებით შეხვედრაში გასვლაზე ტირანაში მეტოქე 1:0 დაამარცხა, შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება კი პენალტების სერიის უკეთესი შესრულებით (5:4) მოიპოვა.

ბოლო მომეტამდე უცნობი იყო, „საბურთალო“ მეორე ეტაპის მატჩს სად ჩაატარებდა. გუნდს საშინაო არენად გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი ჰქონდა მითითებული, მაგრამ მატჩის მიმართ ქართველი გულშემატკივრის ინტერესის გათვალისწინებით, შეხვედრის თბილისში გამართვა გადაწყდა.

თბილისელები „სტიაუას“ პირველ მატჩში 21 ივლისს საქართველოში უმასპინძელბენ, ხოლო განმეორებითს 28-ში ბუქარესტში გამართავენ. მატჩს ნორვეგიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი კაი ერიკ სტეენი იქნება, ხაზის მსაჯები – ტომ ჰარალდ გრინვიკი და ოსტინ უტერლანდი, ხოლო მეოთხე მსაჯად მოჰამად უსმან ასლამი იმუშავებს.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა „საბურთალოსა“ და „სტიაუას“ შორის 21 ივლისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.