გორის „დილას“ პასუხი კოვტალიუკი ბრალდებებზე - სინამდვილეში, მან ფინანსურ პრეტენზიებზე უარი განაცხადა
გორის „დილას“ პასუხი კოვტალიუკი ბრალდებებზე - სინამდვილეში, მან ფინანსურ პრეტენზიებზე უარი განაცხადა

„მიკოლა კოვტალიუკი იტყუება, თითქოს, „დილასთან“ ფინანსური პრეტენზიები გააჩნია. სინამდვილეში, მან „დილასთან“ ამ შინაარსის შეთანხმება უკვე გააფორმა. ამის დასტურად შემიძლია ოფიციალური დოკუმენტები წარმოგიდგინოთ“, – ამბობს პირველ არხთან გორის „დილას“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯოხაძე.

23 წლის კოვტალიუკმა, რომელიც ახლახანს სამხრეთ კორეის რანგით მეორე ლიგის „ანიანში“ გადავიდა, პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ კორეელებმა გორის კლუბს მის ტრანსფერში ფული გადაუხადეს, კონტრაქტი გაუფორმეს და „დილა“ გათავისუფლების ფურცელს მაინც არ აძლევს – როგორც „დილას“ ყოფილი თავდამსხმელი ამტკიცებს, კლუბი ითხოვდა მის ხელწერილს, რომ მათთან ფინანსური პრეტენზიები არ ჰქონდა, რაზეც უარი თქვა და სამხრეთ კორეაში სეზონის პირველი ტურის მატჩი ამის გამო გამოტოვა.

გორელთა ერთ-ერთი ხელმძღვანელი უკრაინელი ლეგიონერის სხვა ბრალდებებსაც პასუხობს – „გარდა ფინანსური პრეტენზიებისა, არის სხვა საკითხები, რომელსაც უპასუხოდ ვერ დავტოვებთ. ის ითხოვს იმ პერიოდის თანხას, როდესაც გუნდთან ერთად უნდა ყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ ორჯერ ივარჯიშა. მისი ტრანსფერი გუნდს ეკუთვნოდა და ამის თაობაზე გავაფრთხილეთ, რომ დაჯარიმდებოდა. მან კი ეს გაფრთხილება არად ჩააგდო და ოფიციალურად გაგზავნილი ჯარიმის გადახდაზეც უარი განაცხადა. ამ ყველაფრის მიუხედავად, „დილა“ ფეხბურთელს ჯიბრში არ ჩაუდგა და მის ტრანსფერს ყველანაირად ხელი შეუწყო. თქვენ წარმოიდგინეთ, კონტრაქტში ჩაწერილი გამოსასყიდი თანხა, 100 ათასი დოლარიც კი გავანახევრეთ“.

„დილას“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, უკრაინელმა ლეგიონერმა კლუბს საკადრო პრობლემა შეუქმნა – „კოვტალიუკი კორეულ გუნდს შეკრებაზე ახლდა, როდესაც დაინტერესდა, „დილაში“ ლეგიონერის კვოტა დარჩენილი ხომ არ გვქონდა. მომწერა, რომ არ მოწონდა და ჩამოსვლის სურვილი გამოხატა. თებერვალში ჩამოვიდა და მის გამო ბრაზილიელ ლეგიონერზე უარი ვთქვით. მაგრამ ვიღაც ელაპარაკა და ბოლო მომენტში ისევ წავიდა. „დილას“ ვერც ის დაეხმარება და მის შემცვლელად შეგულებულ თავდამსხმელზეც უარი ვთქვით. საერთოდ, ჩვენთვისაც გაუგებარია, რა ხდება კოვტალიუკის თავს, ასე იოლად რომ იცვლის აზრს და პოზიციას“.

დატოვე კომენტარი