გორის „დილას“ მწვრთნელი – კონფერენსლიგამდე სუპერთასზე „იბერიასთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის #1TVSPORT
გორის „დილას“ მწვრთნელი – კონფერენსლიგამდე სუპერთასზე „იბერიასთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის #1TVSPORT

გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო ლონგომ უეფა-ს კონფერენსლიგაზე ლუექსემბურგის „რასინგ უნიონთან“ მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა ჩვენი მეტოქე – როცა ასეთი დონის ტურნირზე მონაწილეობ, სუსტი გუნდი არ არსებობს. ყველა უნდა დააფასო და თითოეულ შეხვედრას ისე უნდა მიუდგე, როგორც ფინალს.

ვნახე ორივე შესაძლო მეტოქის თამაში – ორივეს საკმაოდ ახალგაზრდული და დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მოედანზე უნდა გავიდეთ და მაქსიმუმი ვაჩვენოთ, რათა ყველა შესაძლო ეტაპი წარმატებით გავიაროთ.

თუმცა სანამ კონფერენსლიგის მატჩები მოვა, მანამდე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა საქართველოს სუპერთასზე „იბერიასთან“ გვაქვს ჩასატარებელი. ამ ეტაპზე სრული კონცენტრაცია სწორედ ამ დაპირისპირებისკენ გვაქვს მიმართული, რათა შევძლოთ გამარჯვება და ფინალში გასვლა. აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი და ჩემს ფეხბურთელებთან ერთად ყველაფერს გავიღებ ამისთვის“, – განაცხადა ლონგომ.

კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დილა“ „რასინგს“ 10 ივლისს ლუქსემბურგში დაუპირისპირდება, ხოლო საპასუხო შეხვედრას 17 ივლისს შინ გამართავს.

მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში გორელთა მეტოქე ლატვიური „რიგა“ იქნება. პირველი მატჩი 24 ივლისს ლატვიაში გაიმართება, ხოლო საპასუხო – 31 ივლისს საქართველოში.