გორის „დილას“ მწვრთნელი – გორში მოვიგეთ, თუმცა წინ რთული საპასუხო შეხვედრა გველოდება #1TVSPORT
გორის „დილას“ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დიამანტას ვავალისმა სან მარინოს „ვირტუსთან“ გამარჯვება (3:1) შეაფასა და თქვა, რომ ამ წყვილის დაპირისპირებაში ჯერ არაფერი დასრულებულა.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვიგეთ. თამაშს ხარისხობრივად თუ შევაფასებთ, შეიძლება ითქვას, რომ „დილას“ ფეხბურთელებს მეტი შეუძლიათ და ეს მათი მაქსიმუმი არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში შედეგი უფრო მნიშვნელოვანია. მართალია, ერთი შეცდომა დავუშვით და გოლი მივიღეთ, მაგრამ ბიჭებმა იბრძოლეს და მოსაგებად დიდი შრომა გასწიეს.
ხვალიდან საპასუხო მატჩისთვის ვიწყებთ მზადებას, რადგან წინ რთული თამაში გველის და წარმატებისთვის დიდი ძალისხმევის გაღება მოგვიწევს – საპასუხო მატჩს სრული კონცენტრაციით უნდა მივუდგეთ, თითქოს უპირატესობა არ გვაქვს.
მინდა, გორელ გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი მხარს ბოლო წუთამდე გვიჭერდნენ, განსაკუთრებით, მატჩის რთულ მონაკვეთებში“.
გორის „დილა“ „ვირტუსთან“ საპასუხო მატჩს სან მარინოში 16 ივლისს გამართავს.