გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელი დიეგო ლონგო - „რასინგთან“ საპასუხო მატჩში მეტი ყურადღება და კონცენტრაცია გვმართებს #1TVSPORT
გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო ლონგომ ლუქსემბურგის „რასინგთან“ კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ მედიის კითხვებს უპასუხა.
„პირველი მატჩი ლუქსემბურგში შედეგის მხრივ დადებითი იყო, თუმცა თამაში იოლად არ წარიმართა. „რასინგი“ ორგანიზებულად გამოიყურებოდა, დისციპლინით და დახვეწილი სტილით მოქმედებდა. რამდენიმე საგოლე შანსი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ საბოლოო შედეგი პოზიტიური იყო.
სტუმრად პირველი შეხვედრის ჩატარება რთულია. დაძაბულობა აშკარად იგრძნობოდა და თამაშში შესვლა გაგვიჭირდა. თავიდან მეტოქე გრძელ პასებზე აკეთებდა აქცენტს და გაგვიჭირდა, თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი გამოვასწორეთ.
მეტოქის მოედანზე გამარჯვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ გვმართებს უფრო მეტი ყურადღება და კონცენტრაცია. გვინდა, რომ გულშემატკივარმა იამაყოს ჩვენით“, – განაცხადა „დილას“ მწვრთნელმა.
ქართულმა გუნდმა კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „რასინგი“ 2:1 დაამარცხა. განმეორებითი შეხვედრა 17 ივლისს გორში შედგება.