გორის „დილამ“ მეკარე გურამ ჩიკაშუა დაიმატა #1TVSPORT
გორის „დილამ“ მეკარე გურამ ჩიკაშუა დაიმატა #1TVSPORT

გორის „დილას“ ახალი მეკარე ჰყავს, – გუნდის ვებგვერდის ცნობით, ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანმა 21 წლის გურამ ჩიკაშუა დაიმატა.

„დილას“ ახალწვეული „ვიტ ჯორჯიას“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და გუნდში 17 წლიდან თამაშობს. ძირითადი მეკარე კი 2021 წლიდან გახდა და მას შემდეგ ორი სეზონის განმავლობაში გუნდის თამაში არ გამოუტოვებია – პირველ სეზონში „ვიტ ჯორჯიას“ ფორმით 36 მატჩი ჩაატარა, შარშან კი – 28.

გურამ ჩიკაშუამ თავი განსაკუთრებით 2020 წელს, ლიგა 2-ის პლეი ოფში ფოთის „კოლხეთი 1913“-თან შეხვედრაში გამოიჩინა. პირველ მატჩში, რომელიც „ვიტ ჯორჯიამ“ 1:0 მოიგო, მის კარში ორი პენალტი დაინიშნა, მაგრამ არცერთი არ გავიდა – პირველი ძელს მოხვდა, მეორე მან მოიგერია.

ასე მოხდა ფოთში საპასუხო შეხვედრაშიც, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, სადაც პირველი ორი დარტყმიდან ერთი კარს ასცდა, მეორე ჩიკაშუამ მოიგერია და „ვიტ ჯორჯია“ ლიგა 2-ში დატოვა.

გურამ ჩიკაშუა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კანდიდატია, თუმცა ჯერ მის შემადგენლობაში არ უთამაშია.