გიორგი გულიაშვილის არყოფნაში ბოსნიის ჩემპიონატში „სარაევოს“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა კონკურენტ „ჟელეზნიჩართან“ ვასილიოს გორდეზიანმა მოაგებინა — 2:1.
მატჩამდე „სარაევო“ მესამე ადგილზე იყო და „ჟელეზნიჩარს“ მხოლოდ ერთი ქულით უსწრებდა, რის გამოც წაგების შემთხვევაში პოზიციას დაკარგავდა. თუმცა გუნდმა შეხვედრა კარგად დაიწყო და 39-ე წუთზე განელი თავდამსხმელის, ფრენსის კიერემეჰის გოლით დაწინაურდა.
გუნდის კაპიტანი და ბომბარდირი გიორგი გულიაშვილი ტრავმირებულია და ამ ეტაპზე გუნდს ვერ ეხმარება. მის არყოფნაში ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი ვასილიოს გორდეზიანი გამოჩნდა, რომელმაც 47-ე წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა. მართალია, სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინეს.
ბოსნიის ჩემპიონატში ჩატარებული 28 ტურის შემდეგ „სარაევომ“ 57 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზეა. სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გუნდი „ჟელეზნიჩარს“ 4 ქულით უსწრებს. გორდეზიანმა მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა.