გორან პანდევი ნაკრებს დაემშვიდობა - მადლობა ხალხს, ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა #1TVSPORT
გორან პანდევი ნაკრებს დაემშვიდობა - მადლობა ხალხს, ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა #1TVSPORT

ნიდერლანდებთან ევრო2020-ზე წაგებული შეხვედრა (0:3) კაპიტან გორან პანდევისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების სახელით ჩატარებული ბოლო მატჩი იყო. თამაშის დასრულების შემდეგ პანდევმა თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება საბოლოოა და იგი ეროვნულ გუნდს აუცილებლად დატოვებს.

„ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა – ნაკრებიდან მივდივარ. მინდა ასი პროცენტით მზად ვიყო, მაგრამ ვიცი, რომ ორ ფრონტზე, გუნდში და ნაკრებში არ შემიძლია თამაში. მე ამ ბიჭებს ვუქომაგებ და დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზეც ვითამაშებთ. არა მხოლოდ მე, არამედ მთელი ჩრდილოეთ მაკედონია მათ მხარს დაუჭერს. მადლობა ყველას – ყოფილი მწვრთნელებს და ჩემს ოჯახს. მეუღლის, ნადიკას გარეშე კარიერაში ამდენს ვერ მივაღწევდი. მე ნაკრებისთვის ყველაფერი გავაკეთე და უნდა ვთქვა, რომ ნიდერლანდებთან ჩემი ბოლო სანაკრებო შეხვედრა ჩავატარე“, – თქვა პანდევმა.

ის ამბობს, რომ გულშემატკივრების და მთელი ქვეყნის მადლიერია და ამაყია, ქვეყნის მთავარი გუნდის ფორმით 20 წელი რომ თამაშობდა:

„მადლობელი ვარ ჩვენი ხალხის. ამ მაისურს 20 წელი ვატარებდი, რაც ჩემთვის დიდი სიამაყეა. ჩვენ კარგად ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ გამოცდილება არ გვეყო. შესანიშნავი შედეგის მისაღწევად ცოტათი დაგვაკლდა, მაგრამ ეს ევროპის ჩემპიონატი სამუდამოდ დამამახსოვრდება“.

პანდევი ჩრდილო მაკედონიის ნაკრებში 20 წელი თამაშობდა. სადებიუტო მატჩი 2001 წლის ივნისს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში თურქეთის წინააღმდეგ ჰქონდა, როდესაც 17 წლის იყო. 2009 წლის 12 აგვისტოს, ესპანეთთან ორი გოლის გატანის შემდეგ, გეორგე ჰრისტოვს გაუსწრო და ეროვნული გუნდის ყველა დროის ბომბარდირი გახდა. სულ 122 მატჩში 38 გოლი გაიტანა.

ის ნაკრების დატოვებას 2015 წელს აპირებდა, მაგრამ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იგორ ანგელოვსკიმ დაარწმუნა, რომ კიდევ ეთამაშა. 2019 წლის მარტში პანდევმა ლატვიასთან ევროსაკვალიფიკაციო მატჩში (3:1) ნაკრების ფორმა მეასედ მოირგო.

2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრებს ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალი მისი გოლით მოუგო (1:0) და ქვეყანა პირველად გახდა დიდი საერთაშორისო ტურნირის მონაწილე. მან გაიტანა ჩრდილოეთ მაკედონიის პირველი მნიშვნელოვანი გოლი დიდ ტურნირში – ევრო 2020-ზე მან ავსტრიის კარი აიღო.

2010 წელს დააარსა საფეხბურთო აკადემია მშობლიურ ჩრდილოეთ მაკედონიაში, სახელწოდებით Akademija Pandev. აკადემიის უფროსების გუნდი ამჟამად ჩრდილოეთ მაკედონიის პირველ ლიგაში თამაშობს.