გორან ივანიშევიჩსა და კონჩიტა მარტინესს ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანენ
გორან ივანიშევიჩსა და კონჩიტა მარტინესს ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანენ

უიმბლდონის ყოფილი ჩემპიონები – ესპანელი კონჩიტა მარტინესი და ხორვატი გორან ივანიშევიჩი ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზის წევრები გახდებიან. ოფიციალური ცერემონია 18 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუპორტში გაიმართება. ამის შესახებ წერს ორგანიზაციის პრესსამსახური.

ივანიშევიჩი პროფესიულ დონეზე 1988-2004 წლებში გამოდიოდა, 1994 წელს კი ATP-ის კლასიფიკაციაში მეორე პოზიცია ეკავა. ხორვატმა კარიერაში 22 ტიტული მოიგო, მათ შორის, 2001 წელს უიმბლდონი. 48 წლის ივანიშევიჩი პირველი ხორვატი იქნება დიდების დარბაზში. ამჟამად, გორანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის სამწვრთნელო გუნდში შედის.

მარტინესმა უიმბლდონზე 1994 წელს გაიმარჯვა, სულ კი ერთეულებში 33 ტიტული დაუგროვდა. 1995 წლის ოქტომბერში ესპანელი მეორე ადგილზე იყო WTA-ის რეიტინგში. კარიერა 2006 წელს დაასრულა. დღეს ის თანამემამულე გარბინე მუგურუსას მწვრთნელია.