„გონიოს“ პრეზიდენტი ლაზარე კუპატაძის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა #1TVSPORT
ლაზარე კუპატაძე ანთალიაშია და ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება. მაგრამ როგორც გაირკვა, „გონიოს“ პრეზიდენტს, დავით დოლიძეს გამოცდილი მეკარის მიმართ პრეტენზია ჯერ კიდევ გააჩნია.
„საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია „გონიოსა“ და ლაზარე კუპატაძის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენამ. ამიტომ შევეცდები მოკლედ მოგახსენოთ რეალური ინფორმაცია, რასაც დარწმუნებული ვარ, ლაზარეც დაადასტურებს, რადგანაც სრული სიმართლეა.
პროცესები დაიწყო 2024 წლის სექტემბრიდან, ერთ-ერთი ფეხბურთელის მეშვეობით ლაზარე კუპატაძე დამიკავშირდა და „გონიოში“ მისი ტრანსფერი შემოგვთავაზა. როცა დავიწყეთ მუშაობა, აღმოჩნდა, რომ ლაზარე არ იყო თავისუფალი აგენტი და რადგანაც სატრანსფერო ფანჯარა დახურული იყო, 2024 წელს მისი „გონიოში“ ჩარიცხვა გამოირიცხა.
იმ დროს გავითვალისწინეთ მისი მდგომარეობა, გვინდოდა მაქსიმალურად გვერდში დავდგომოდით და ამიტომ გადაწყვიტეთ, ტრანსფერი 2025 წლის იანვარში განგვეხორციელებინა. ხოლო 2024 წელს მას კლუბიდან დაენიშნა კონკრეტული ხელფასი, რომელსაც წლის ბოლომდე შეუფერხებლად იღებდა, ასევე მაქსიმალურად შევეცადეთ მისი ყველა სხვა პრობლემა მოგვეგვარებინა.
მაგრამ სამწუხარო რეალობა დაგვიდგა 2025 წლის იანვარში, როცა ლაზარე კუპატაძემ ჩვენდა დაუკითხავად ბათუმის „დინამოს“ მიაშურა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კლუბისთვის დიდი დარტყმა იყო, ჩვენ მას აქაც გავუგეთ და საბოლოოდ კიდევაც დავთანხმდით, ბათუმის „დინამოში“ გადასულიყო – მაგრამ მას შემდეგ, როდესაც მასზე გაცემულ თანხებს სრულად გადაიხდიდა.
რა თქმა უნდა, ნებისმიერ კლუბში მის გადასვლას შევეწინააღმდეგებოდით, მაგრამ პოზიციები მხოლოდ და მხოლოდ ბათუმის „დინამოს“ ფაქტორის გათვალისწინებით დავთმეთ. ორივე ბათუმის კლუბი გახლავართ და ბუნებრივიცაა ჩვენი მიდგომით ბათუმის „დინამო“ ძლიერდება. მაგრამ სამწუხაროდ ლაზარესაგან რეალური ნაბიჯი ვერ დავინახეთ, რომლითაც ჩვენი კლუბის შელახული რეპუტაციის აღდგენას და ვერც ფინანსური ზიანის ანაზღაურებას შეეცდებოდა“, – აცხადებს „გონიოს“ პრეზიდენტი დავით დოლიძე.