„გოლის მანქანის“ მორიგი გასროლა - მიქაუტაძემ „ლიერსს“ გაუტანა (ვიდეო)

გიორგი მიქაუტაძემ ბელგიაში ისევ გაიტანა – მისმა გუნდმა, პროქსიმუს ლიგის მეორეადგილოსანმა, „სერენმა“ მე-10 ტურში „ლიერსს“ უმასპინძლა, ქართველის გოლის მიუხედავად, დამარცხდა და გალიდერების შანსი დაკარგა.

ანგარიში „ლიერსმა“ 26-ე წუთზე პენალტით გახსნა, მაგრამ მე-40 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ წონასწორობა აღადგინა. საჯარიმოში მცველთან ორთაბრძოლისას წონასწორობა ვერ შეინარჩუნა, მაგრამ წაქცეულმა დაარტყა და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა. სამწუხაროდ, ამით „სერენმა“ ვერ ისარგებლა, მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლი გაუშვა და 1:3 დამარცხდა.

10 ტურის შემდეგ „სერენი“ 15 ქულით მეორე ადგილზეა და „უნიონს“ 2 ქულით ჩამორჩება. 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბელგიის პროქსიმუს ლიგაში „სერენის“ ფორმით მეცხრე მატჩი ჩაატარა და მე-15 გოლი გაიტანა, ბომბარდირთა დავას დიდი უპირატესობით ლიდერობს – მაგრამ მას მიუახლოვდა „უნიონის“ თავდამსხმელი დანტე ვანზეირი, რომელმაც ბოლო 5 მატჩში 9 გოლი გაიტანა, ხოლო გიორგიმ 4 მატჩიდან ერთი გამოტოვა და ანგარიშზე „მხოლოდ“ 3 გოლი ჩაიწერა.