გიორგი ქვილითაიამ დიდი ხნის პაუზის შემდეგ გოლი პირველად გაიტანა. „აპოელი“ კვიპროსში თასის 1/16-ფინალში „ახირონას ონისილოსს“ ესტუმრა და გუნდი 3:0 დაამარცხა.
ნიქოზიელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია, რომელმაც გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა. პაუზის შემდეგ გუნდის განაცხადში ლაშა დვალიც მოხვდა.
ანგარიში სტუმრებმა მე-7 წუთზე ანდრეას კაროს ზუსტი დარტყმის შემდეგ გახსნეს. სტუმართა უპირატესობა 75-ე წუთზე დანი ბლუმმა გაზარდა, ხოლო „აპოელის“ ქართველმა კაპიტანმა მეტოქის კარი 78-ე წუთზე აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0 „აპოელის“ სასარგებლოდ.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ქვილითაიამ გოლი შვიდთვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. ბოლოს თავი 9 მარტს კვიპროსის თასზე გამოიჩინა. ესეც სათასო მატჩი იყო, რომელშიც „აპოელმა“ თემურ ქეცბაიას „აპონრთოსისი“ 2:1 დაამარცხა.
გიორგი ქვილითაიას გოლი გადამწყვეტი გამოდგა – მან მეტოქის კარი 52-ე წუთზე გაიტანა და როგორც მალე გაირკვა, გუნდს გამარჯვება მოუტანა. შემდეგ კი გიორგი დაშავდა და 4 თვე იძულებით დაისვენა.