გოლი ლეგენდების მატჩში - არველაძემ „აიბროქსზე“ 17-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
შოთა არველაძე გლაზგოს „რეინჯერსის“ ლეგენდების გუნდში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩის სათამაშოდ ჩავიდა და გოლი გაიტანა.
გოლი ლეგენდარულმა პოლ გასკოინმაც გაიტანა, რომელმაც თავიდან ბურტს ფეხი ვერ მოარტყა, მაგრამ მერე მეტოქე დაეხმარა, გოლი კი სტადიონზე შეკრებილმა 40 ათასმა მაყურებელმა გამაყრუებელი ყიჟინით აღნიშნა.
მატჩი შოტლანდიური კლუბის დაარსების 150 წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა, ქართველმა თავდამსხმელმა კი „რეინჯერსში“ არაერთი ტიტული მოიგო და ამ ქალაქში და სტადიონზე დაბრუნება და გოლი გულშემატკივართან ერთად ძალიან ემოციურად აღნიშნა. მან ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ნახტომში კარში ეფექტურად გააგზავნა. აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძემ „აიბროქსზე“ ბოლოს გოლი 17 წლის წინ, 2005 წელს გაიტანა.
„აიბროქსზე“ „რეინჯერსის“ და მსოფლიო ლეგენდების შეხვედრა გაიმართა. ქართველთან ერთად „რეინჯერსში“ ითამაშეს ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა, პოლ გასკოინმა, სასა პაპაკმა, მაიკლ მოლსმა, კრის ბოიდმა, რონალდ დე ბურმა, ბარი ფერგიუსონმა. მსოფლიო ლეგენდების გუნდს კი ლუის ფიგუ კაპიტნობდა – მასთან ერთად ითამაშეს კლოდ მაკელელემ, ივან კორდობამ, რიკარდო კარვალიომ, პრედრაგ მიატოვიჩმა, რობი კინმა, რობერტო კარლოსმა, გეორგე ჰაჯიმ, რობერტ პირესმა.
არველაძე „რეინჯერსს“ 2001 წელს შეუერთდა და 2005 წლამდე თამაშობდა. ამ პერიოდში ქართველი თავდამსხმელი ორჯერ დაეხმარა გუნდს ჩემპიონობის, თასისა და ლიგის თასის მოგებაში.