გოლი და საგოლე - კიტეიშვილმა კონკურენტთან გაიბრწყინა, „შტურმმა“ ევროსაგზური მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
გოლი და საგოლე - კიტეიშვილმა კონკურენტთან გაიბრწყინა, „შტურმმა“ ევროსაგზური მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში კონკურენტ გუნდთან ითამაშა და გრაცის „შტურმის“ გამარჯვებაში გამორჩეული როლი შეასრულა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდმა საშინაო არენაზე უშუალო კონკურენტი ვენის „რაპიდი“ მიიღო და 4:1 დაამარცხა. მე-20 წუთზე „რაპიდი“ ერკან კარამ დააწინაურა. ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, მე-60 წუთზე ანგარიში აღადგინა. კელვინ იებოამ 72-ე წუთზე „შტურმი“ დააწინაურა, ხოლო 79-ე წუთზე ქართველი ნახევარმცველმა საგოლე გადაცემა გააკეთა და გრაცელების უპირატესობა ანდრეას კუენმა გაზარდა, ხოლო 90+2-ე წუთზე ივან ლუბიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1 „შტურმის“ სასარგებლოდ.

ამავე ტურში, „ვოლფსბერგერმა“გასვლაზე „სვაროვსკი ტიროლთან“ მატჩი 2:2 დაასრულა. გური გიორბელიძე სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია, ხოლო ლუკა ლოჩოშვილი განაცხადში არ მოხვდა.

ამ მოგებით „შტურმმა“ 31 ტურის შემდეგ 33 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაწინაურდა. ამდენივე ქულა აქვს ვენის „რაპიდს“, რომელსაც პირად შეხვედრებში უპირატესობით ასწრებს. „ვოლფსბერგერი“ კი 27 ქულით მე-5 პოზიციაზეა. ბოლო ტურში ქართველების გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

მატჩი 22 მაისს გაიმართება, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ამ ბრწყინვალე გამარჯვებით, „შტურმი“ სეზონს ყველაზე ცუდ შემთხვევაში მესამე ადგილზე დაასრულებს, იდეალურ შემთხვევაში კი – მეორე ადგილზე და ვიცე-ჩემპიონი გახდება.

რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, 25 მატჩში მის ანგარიშზე 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. საერთაშორისო ვებგვერდმა „სოპა სქორმა“ ვენის „რაპიდთან“ მისი თამაში 10-ბალიან სისტემაში 8,1 ქულით შეაფასა.