გოლი და საგოლე გადაცემა პორტუგალიელებთან - დავითაშვილმა „ბორდოში“ გაიბრწყინა [ვიდეო] #1TVSPORT
გოლი და საგოლე გადაცემა პორტუგალიელებთან - დავითაშვილმა „ბორდოში“ გაიბრწყინა [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა მთავარი როლი ითამაშა „ბორდოს“ გამარჯვებაში, რომელმაც მოსამზადებელ ეტაპზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა პორტუგალიაში, „ბოავიშტასთან“ წინააღმდეგ და 2:0 სძლია.

დავითაშვილმა წინა მატჩში „ბრენტფორდთან“ სპარინგში გაიტანა, ამჯერად კი ანგარიშზე გოლი და საგოლე პასი ჩაიწერა. ჟირონდელებმა მატჩის დასაწყისშივე უპირატესობა მოიპოვეს – ანგარიშის გახსნასთან ზურიკო დავითაშვილი მე-17 წუთზე ახლოს იყო, მაგრამ ვერ გაიტანა.

თუმცა, თავის გამოჩენა 30-ე წუთზე მაინც მოახერხა – ფლანგური გადაცემის შემდეგ დავითაშვილის თავური დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი კარის ბადე მაინც შეარხია. მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების შემტევის გადაცემით 63-ე წუთზე ნიგერიელმა ჯოშ მაიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

საშემოდგომო ეტაპის შემდეგ „ბორდო“ 28 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერს, „ჰავრს“ ოთხი ქულით ჩამორჩება. საფრანგეთის ლიგა 2-ში სეზონი 26 დეკემბერს სწორედ ამ გუნდების მატჩით განახლდება, რომელიც „ჰავრის“ სტადიონზე გაიმართება, ხოლო ოთხ დღეში ზუკა დავითაშვილის გუნდი მესამეადგილოსანს, „სოშოს“ უმასპინძლებს.