გოლი და გაფუჭებული პენალტი - ყაზაიშვილმა შეცდომა გოლით გამოასწორა #1TVSPORT
გოლი და გაფუჭებული პენალტი - ყაზაიშვილმა შეცდომა გოლით გამოასწორა #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გოლი გაიტანა და ახალ სეზონში ანგარიშზე პირველი გოლი ჩაიწერა. თუმცა, მანამდე საქართველოს ნაკრების შემტევს დიდი იმედგაცრუება ელოდა.

K ლიგის მე-3 ტურში ქართველი შემტევის გუნდმა „ულსანმა“ შინ „სუვონს“ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრების შემტევმა კი შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებმა მოიგეს, თუმცა თავიდან მდევრის როლში იყვნენ, რადგან „სუვონი“ მე-11 წუთზე კიმ სეუნ-ჯუნმა დააწინაურა. „ულსანმა“ წონასწორობა 42-ე წუთზე კიმ მინ-იუნის გოლით აღადგინა.

შესვენების შემდეგ მოედანზე მთავარი მოქმედი პირიც, ანტიგმირიც და გმირიც ვაკო ყაზაიშვილი იყო. 52-ე წუთზე „სუვონის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ქართველმა შემტევმა შეასრულა. ყაზაიშვილმა მარჯვენა კუთხეში დაარტყა და ბურთი მიზანს ააცილა. აღსანიშნავია, რომ 28 წლის ფეხბურთელმა 11-მეტრიანი ზედიზედ მეორე მატჩში ვერ გამოიყენა.

თუმცა ვაკომ და „ულსანმა“ წარმატებას მაინც მიაღწიეს. 67-ე წუთზე ლი ჩეონგ იონგმა საჯარიმო შეასრულა. ყაზაიშვილს მცველმა ხელი შეუშალა, მაგრამ ბურთს ფეხი მაინც მიარტყა და „ულსანს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა – 2:1.

კორეის ჩემპიონატში (K ლიგა) ჯერ მხოლოდ სამი ტური გაიმართა. ყაზაიშვილის გუნდმა სამ შეხვედრაში შვიდი ქულა დააგროვა და „იჩხონ იუნაიტედთან“ ერთად პირველ ადგილს იყოფს.