გოლი და ასისტი ზივზივაძისგან - ქართველმა თავდამსხმელმა „კარლსრუეში“ ისევ გაიბრწყინა [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეში“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა და გუნდს „ელფსბერგთან“ ურთულესი დაპირისპირების მოგებაში დაეხმარა – 3:2.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ მოხვდა, 78 წუთი ითამაშა და ბოლოდროინდელი წარმატებული სერია გააგრძელა, ბუდუმ ამჯერად გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც შეასრულა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-17 ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდმა „ელფსბერგი“ საკუთარ მოედანზე მიიღო და საწყის წუთებში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. მე-6 წუთზე ანგარიში დენის ბურნიკმა გახსნა, ხოლო მე-17 წუთზე „ჯვაროსნების“ თავდამსხმელმა გამოიჩინა თავი.

მეორე ტაიმში „ელფსბერგმა“ მთელი ძალებით შეუტია, მაგრამ 53-ე წუთზე „კარლსრუემ“ მესამეც გაიტანა და ამჯერადაც ზივზივაძის აქტიურობით. ქართველის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი იგორ მატანოვიჩმა გაიტანა და ქართველს საგოლე გადაცემა ჩაეწერა.

თუმცა, „კარლსრუე“ დაცვაში შეცდომებს უშვებდა და „ელფსბერგმა“ სხვაობა (63-ე წუთზე) ისევ შეამცირა, საჯარიმოს სიახლოვიდან ლუკა შნელბახერმა გაიტანა.

„კარლსრუემ“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გამართული 17 ტურის შემდეგ 21 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზეა. ბუდუ ზივზივაძემ ბოლო ოთხ მატჩში მეოთხე გოლი გაიტანა, სულ კი 15 მატჩში თავი ხუთი გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.