გოლი აუტსაიდერთან - აბურჯანიამ „ჟილ ვისენტეს“ ქულა გადაურჩინა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი აბურჯანიამ თავის ახალ გუნდში, „ჟილ ვისენტეში“ პირველი გოლი გაიტანა და ამით საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა „ბელენენსეშთან“ ქულა გადაარჩინა.

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში ქართველის გუნდი აუტსაიდერს, „ბელენენსეშს“ ესტუმრა და 90+2-ე წუთამდე 0:1-ს აგებდა. ლეირიას სტადიონზე გამართულ შეხვედრაში სტუმართა კარში გოლი 83-ე წუთზე ალისონ საფირამ გაიტანა, მაგრამ „ჟილ ვისენტეს“ სლოვენიელი მეკარის, ჟიგა ფრელიჰის ავტოგოლად ჩაიწერა.

გიორგი აბურჯანია სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 86 -ე წუთზე კანიუ ფუჯიმოტოს შემცვლელად შევიდა, 6 წუთში კი გოლი გაიტანა. მისმა გუნდელმა მირილიომ სტანდარტი შეასრულა, გიორგი საჯარიმოს მცველს გაექცა და ზუსტი თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

გიორგიმ „ჟილ ვისენტეში“ მეოთხე თამაში ჩაატარა და პირველად გაიტანა. მისი გუნდმა კი პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში 6 ტურის შემდეგ 8 ქულა დააგროვა და მე-6 პოზიციაზეა.

„აბურჯანია სკამიდან“ გადმოხტა და „ჟილ ვისენტე“ გადაარჩინა“, – ასე შეაფასა ქართველის როლი პორტუგალიურმა გამოცემა noticiasaominuto-მ.