გოლფში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა #1TVSPORT
გოლფში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა #1TVSPORT

დღეს დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი გოლფში, რომელიც საქართველოს გოლფის ფედერაციისა და „თბილისი ჰილსის“ ორგანიზებით ჩატარდა. ტურნირი ორი დღის განმავლობაში, 21-22 მაისს მიმდინარეობდა – ქალთა და კაცთა შეჯიბრში მთავარი პრიზისთვის 30-მდე სპორტსმენი იბრძოდა.

ჩემპიონატის გამარჯვებული ქალთა შორის თამარ ბეციაშვილი გახდა, ხოლო მამაკაცებში მთავარ ჯილდოს ზაურ გაბაიძე დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული.

საქართველოს გოლფის ფედერაცია 2007 წლიდან არსებობს და ევროპული ფედერაციის სრულუფლებიანი წევრია. საქართველოს ნაკრები 2019 წელს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე იყო, რომელიც ლიეტუვაში ჩატარდა.

მას შემდეგ, სამი წელი ჩვენს ეროვნულ გუნდს პანდემიით გამოწვეული შეფერხებების გამო საერთაშორისო ასპარეზზე აღარ უასპარეზია. მაგრამ საქართველოს გოლფის ფედერაციის გენერალური მდივნის მიხეილ ძაძამიას თქმით, მალე ეს პრობლემა მოგვარდება.

„წლევანდელი ჩემპიონატი ისეთი დაძაბული გამოდგა, პირველობისთვის 5-6 სპორტსმენი იბრძოდა და ღირსეულებმა გაიმარჯვეს. საქართველოს ჩემპიონატი იყო მოსამზადებელი ეტაპი საერთაშორისო ტურნირებითვის, რომელშიც სამწლიანი პაუზის შემდეგ ჩვენი ნაკრები კვლავ მიიღებს მონაწილეობას. მახარებს ის ფაქტი, რომ წლიდან წლამდე იზრდება ჩვენი სახეობით დაინტერსებული ადამიანების რაოდენობა, რაც სამომავლოდ საქართველოში გოლფის განვითარების წინაპირობაა“, – ამბობს მიხეილ ძაძამია.

თამუნა ბეციაშვილი, საქართველოს ჩემპიონი: „ჩემპიონატი დაძაბული გამოდგა და სასიხარულოა, დიდ კონკურენციაში ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ რომ მოვიპოვე, ასევე ვულოცავ ყველა პრიზიორს. რა თქმა უნდა, ჩემპიონობა დიდი ემოცია და სიხარულია”.

დატოვე კომენტარი