გოლფის პირველი ღია ჩემპიონატი კორეელი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა
გოლფის პირველი ღია ჩემპიონატი კორეელი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა

„თბილისი ჰილსმა“ (Tbilisi Hills Golf & Residences) საქართველოში მოყვარულთა შორის გოლფის ღია ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა. ტურნირში 10 ქვეყნის 30-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

ორდღიანი შეჯიბრება კორეელი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა – პირველი ადგილი მუნ სეი ჰუნმა დაიკავა. მას და სხვა გამორჩეულ მონაწილეებს საქართველოს გოლფის ფედერაციის ხელმძღვანელებმა საგანგებო პრიზები გადასცეს.

ჩემპიონატის ორგანიზატორი საქართველოს გოლფის ფედერაცია იყო, რომელიც 2007 წლიდან არსებობს და ევროპული ფედერაციის სრულუფლებიანი წევრია. საქართველოსთვის ჯერ კიდევ ახალი სპორტის სახეობა პოპულარობას დღითიდღე იკრეფს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატზე სულ ოთხი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებმაც აგვისტოში ვილნიუსში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გოლფის ეროვნული ნაკრების სახელით იასპარეზეს.

„ასეთი ჩემპიონატის ჩატარება ყოველწლიურად იგეგმება, თუმცა პირველივე სეზონში 10 ქვეყნის მონაწილეობა უკვე ძალიან კარგი დასაწყისია“, – ამბობს „თბილისი ჰილსის“ გოლფის დირექტორი პაულ პოჰი.

„თბილისი ჰილსი“ საქართველოში პირველი და ერთდერთი პროფესიონალური 18-ფოსოიანი გოლფ კლუბია. რომელიც 2017 წელს სოფელ თელეთისა და შავნაბადის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა.