გოლდენ სტეიტმა უშუალო კონკურენტი გაანადგურა და ლიდერობა დაიბრუნა

„გოლდენ სტეიტ უორიორზმა“ დასავლეთ კონფერენციის მოულოდნელ ლიდერს, „დენვერ ნაგეტსს“ მისსავე მოედანზე, საკალათბურთო „მასტერ კლასი“ ჩაუტარა.

მოქმედმა ჩემპიონმა „პეპსი ცენტრში“ გამართულ შეხვედრაში მასპინძელი გუნდი 31 ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 142-111 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს საწყისი წუთებიდან წაუვიდათ შორეული ტყორცნები.

კარი-ტომპსონი-დიურანტის ტრიომ, პირველ მეოთხედში, არაერთი სამქულიანი ჩააგდო. 12 წუთიან მონაკვეთში ოკლენდელებმა 51 ქულა მოიპოვეს. ამის შემდეგ, სტუმრები მხოლოდ ზრდიდნენ საკუთარ უპირატესობას. გამარჯვებულთა შორის 31-31 ქულით დაასრულეს მატჩი სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა.

დიურანტის მონაგარმა 27 ქულა შეადგინა. ამ მოგებით გოლდენ სტეიტმა დენვერს გადაასწრო და დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გადავიდა. სტივ კერის გუნდმა, ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო. „უორიორზის“ მომდევნო მეტოქე ნიუ ორლეანს „პელიკანსი“ იქნება.

მილუოკი-მაიამი 124-86
ინდიანა-ფინიქსი 131-97
ატლანტა-ოკლაჰომა 142-126
ლეიკერსი-ჩიკაგო 107-100
ფილადელფია-მინესოტა 149-107