გოლდენ სტეიტმა ინდიანა უშანსოდ დაამარცხა, დეტროიტმა ფინიქსში მოიგო
გოლდენ სტეიტმა ინდიანა უშანსოდ დაამარცხა, დეტროიტმა ფინიქსში მოიგო

ექვსი შეხვედრა გაიმართა დღეს დილით ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). გოლდენ სტეიტ „უორიორსმა“ საკუთარ „ორეკლ არენაზე“ აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი წარმატებული გუნდი, ინდიანა „პეისერსი“ მიიღო და უპრობლემოდ, ანგარიშით 112-89 დაამარცხა. მასპინძლებმა ყველაფერი მესამე მეოთხედის შემდეგ დაასრულეს, რომელიც 35-19 მოიგეს და საერთო ჯამში, ბოლო პერიოდის წინ, 26-ქულიანი ჰადიკაპი აიღეს. ბუნებრივია, სტივ კერიმ ამის შემდეგ წამყვანი მოთამაშეები აღარ დატვირთა. მოქმედ ჩემპიონში საუკეთესო სტატისტიკა დემარკუს კაზენსმა დააფიქსირა, რომელმაც 18 ქულით და 11 მოხსნით დაასრულა შეხვედრა. ინდიანაში ტაირიკ ევანი იყო გამორჩეული, 20 ქულით. გოლდენ სტეიტი ამ მოგების შემდეგ კვლავ პირველ ადგილზეა, თუმცა დენვერ „ნაგეტსს“ მხოლოდ ერთი მოგებით უსწრებს. კოლორადოელებს ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ფინიქსში მოიგო დეტროიტ „პისტონსმა“. მიჩიგანელებმა მეტოქე დიდი სხვაობით, ანგარიშით 118-98 დაამარცხეს. ზაზა ფაჩულიამ, სამწუხაროდ, უქულოდ დაასრულა აღნიშნული დაპირისპირება. ქართველ ცენტრს მხოლოდ 4 წუთი დაეთმო სათამაშო დრო. „პისტონსს“ ამჯერად ვეინ ელინგტონმა ულიდერა 23 ქულით. მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა ანდრე დრამონდმა: დეტროიტელთა ძირითადმა ცენტრმა 16 ქულა და 19 მოხსნა მოიპოვა. დუეინ კეისის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა, თუმცა პლეი-ოფში მოხვედრა ჯერ გარანტირებული არ აქვს. რაც შეეხება იგორ კოკოშკოვის ფინიქსს, ეს გუნდი დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერია.

შარლოტი-მინესოტა 113-106
ვაშინგტონი-დენვერი 108-113
საკრამენტო-დალასი 116-100
ატლანტა-იუტა 117-114