გოლდენ სტეიტმა ბოლო წამზე მოიგო - ტორონტომ ბოსტონი დაამარცხა [ვიდეო]
გოლდენ სტეიტმა ბოლო წამზე მოიგო - ტორონტომ ბოსტონი დაამარცხა [ვიდეო]

დღეს გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ცხრა შეხვედრა გაიმართა. საოცრად დაძაბული და დრამატული გამოდგა იუტა „ჯაზის“ და გოლდენ სტეიტ „უორიორზის“ დაპირისპირება. „ვივიტ სმარტ არენაზე“ გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

თამაშმა კულმინაციას უკნასკნელ წამებზე მიაღწია, როდესაც მასპინძლები 123-122 იგებდნენ. „ჯაზის“ ერთერთმა ლიდერმა, დონოვან მიჩელმა, პერიმეტრიდან ნატყორცნი ბურთი ააცილა. სტუმრებს ექვსი წამი ჰქონდათ დარჩენილი, როდესაც კევინ დიურანტმა საშუალო მანძლიდან სროლა გააფუჭა. სამწამიანში პოზიცია იონას ჟერებკომ მოიგო და საფინალო სირენასთან ერთად გამარჯვების მომტანი ბურთი ჩააგდო. გოლდენ სტეიტმა 124-123 გაიმარჯვა. სტივ კერის გუნდში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა კევინ დიურანტმა, რომელმაც 38 ქულა, 9 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მოიპოვა. 31 ქულა გააკეთა სტეფ კარიმ.

იუტას შემადგენლობაში ავსტრალიელი ჯო ინგლესი გამოირჩა 27 ქულით.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ცენტრალური მატჩი „ეირ კანადა ცენტრში“ შედგა, სადაც ერთმანეთს ორი ფავორიტი, ტორონტო „რეპტორზი“ და ბოსტონ „სელტიქსი“ შეხვდნენ.
თამაში ბოსტონელებმა უკეთ დაიწყეს და პირველი მეოთხედი შვიდი ქულის სხვაობით მოიგეს. ამის შემდეგ მასპინძლები გაცილებით უკეთ ათამაშდნენ და დარჩენილ სამ პერიოდში მეტოქეს აჯობეს. საბოლო ანგარიში – 113-101. კავაი ლეონარდმა ახალ კლუბში ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი გააკეთა. რეპტორზის ლიდერმა ბოსტონს 31 ქულა ჩაუგდო, რასაც 10 მოხსნა მიამატა. სერჟ იბაკამ 21 ქულა მიითვალა აქტივში.„სელტიქსში“ საუკეთესო მაჩვენებელი კაირი ირვინგს ჰქონდა. გამთამაშებელმა 21 ქულა 6 პასი და 4 მოხსნა გააკეთა. ტორონტომ სეზონის სტარტზე ორივე თამაში მოიგო და აღმოსავლეთში მილუოკისთან ერთად  ლიდერობს.

დატოვე კომენტარი