„გოლდენ სტეიტის“ რთული გამარჯვება - „ლეიკერსი“ ფილადელფიაში შერცხვა
„გოლდენ სტეიტის“ რთული გამარჯვება - „ლეიკერსი“ ფილადელფიაში შერცხვა

ხუთი მატჩი გაიმართა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონში. ურთულესი გამარჯვება მოიპოვა „გოლდენ სტეიტ უორიორსმა“. მოქმედმა ჩემპიონმა საკუთარ „ორეკლ არენაზე“ „მაიამი ჰიტი“ უკანასკნელ წამებზე ანგარიშით 120-118 დაამარცხა. თამაშის დასრულებამდე ხუთი წამით ადრე, დემარკუს კაზინსის წინააღმდეგ დაკარიმდნენ. მასპინძელთა ცენტრმა ორივე საჯარიმო გამოიყენა და თავის გუნდს სეზონში 40-ე გამარჯვება მოუტანა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს კევინ დიურანტის შესანიშნავი თამაში, რომელმაც მანამდე შორეული სამქულიანი ტყორცნით შეძლო ანგარიშის გათანაბრება. დიურანტმა ჯამში 39 ქულა დააგროვა და ორივე გუნდის რიგებში გამორჩეული იყო. კარიერის მატჩი ჩაატარა ჯოშ რიჩარდსონმა. მაიამელთა მსროლელმა 37 ქულა მიითვალა აქტივში. გოლდენ სტეიტმა დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. „ჰიტი“ აღმოსავლეთში, პლეიოფის ზონაშია და ჯერჯერობით მერვე ადგილს ინარჩუნებს.


ბოსტონში მოპოვებული ურთულესი გამარჯვების შემდეგ, „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ ფილადელფიაში ჩავიდა და „ველშ ფარგო ცენტრში“ ადგილობრივ გუნდთან დიდი სხვაობით, ანგარიშით 120-143 დამარცხდა. მასპინძლებმა გადამწყვეტი გაქცევა მესამე მეოთხედის ბოლოს და დასკვნით პერიოდში გააკეთეს. ფილედალფიელებს ისევ ჯოელ ემბიდი გაუძღვა. კამერუნელმა ცენტრმა 37 ქულა და 14 მოხსნა მოიპოვა. კალიფორნიელთა შორის კვლავ კაელ კუზმამ გაიბრწყინა. ახალგაზრდა ფორვარდმა, 39 ქულა მიითვალა აქტივში. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა – „მეფემ“ 18 ქულა, 10 მოხსნა და 9 გადაცემა გაიფორმა. „ლეიკერსი“ პლეიოფის ზონას კიდევ უფრო ჩამოშორდა და დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად​, რეგულარულის დარჩენილ მატჩებში სერიოზული ბრძოლა მოუწევს.

დღის შედეგები

დალასი-პორტლენდი 102-101
საკრამენტო-ფინიქსი 117-104
ატლანტა-ორლანდო 108-124