გოგონაიას დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა, კილასონიას სასჯელი შეუმსუბუქდა
გოგონაიას დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა, კილასონიას სასჯელი შეუმსუბუქდა

გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის ბრალდებით დასჯილი ფოთის „კოლხეთის“ ერთ-ერთ ფეხბურთელს სასჯელი შეუმსუბუქეს.

საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის სხდომაზე „კოლხეთი 1913“-ის ფეხბურთელები, გიორგი კილასონია და ლაშა გოგონაია ზაფხულში დასაჯეს. სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის 2018 წლის 3 ივლისის სხდომზე, „უეფას“ თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე „კოლხეთი 1913“-ის ხუთ მოთამაშეს 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, ხოლო კლუბს 6 ქულა დააკლეს.

კილასონია და გოგონაია დისკვალიფიკაციას ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ. სპორტულმა ტრიბუნალმა მათი სარჩელი განიხილა. ტრიბუნალის დირექტორმა ზურაბ ბიწაძემ მოსარჩელეთა მოთხოვნა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა, ხოლო „კოლხეთის“ კაპიტან ლაშა გოგონაიას შესახებ მიღებული დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

ამასთანავე ტრიბუნალმა (რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება) მიიჩნია, რომ კილასონიასთან დაკავშირებით პირველ შემთხვევაში უმჯობესი იქნებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის შედარებით მსუბუქი ზომის შეფარდება. მას დისკვალიფიკაციის დაკისრებიდან ტრიბუნალის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ვადა მოხდილად ჩაეთვალა, ხოლო დარჩენილი პერიოდი (2019 წლის 4 იანვრამდე) გამოსაცდელ ვადად მიეცა.