საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ სერია A-ში „ლეჩეს“ უმასპინძლა და მტკივნეული მარცხი განიცადა – 1:3.
საქართველოს ნაკრების მცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. ალბანელი ცენტრალური მცველის, არდიან ისმაილის, ტრავმის შემდეგ გოგლიჩიძემ უკანა ხაზის ცენტრში გადაინაცვლა და წაგებული გუნდის მცველებს შორის საუკეთესო შეფასება – 6.4 ქულა მიიღო.
თამაში „ლეჩემ“ შესანიშნავად დაიწყო და ძალიან სწრაფად ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. მე-6 წუთზე ანგარიში ტეტე მორენტემ გახსნა, ხოლო ხუთ წუთში, მისივე გადაცემით, სტუმართა უპირატესობა კრსტოვიჩმა ორამდე გაზარდა.
„ემპოლიმ“ 47-ე წუთზე კაკაკეს ზუსტი დარტყმით თამაშის გადარჩენის იმედი გააჩინა, თუმცა 90+1-ე წუთზე კრსტოვიჩმა დუბლი შეასრულა და „ლეჩეს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა – 1:3.
იტალიის ჩემპიონატში გამართული 20 ტურის შემდეგ „ემპოლი“ 20 ქულით მე-13 ადგილზე დაქვეითდა.