გოგიტა გოგუა მოთამაშე მწვრთნელი გახდა
გოგიტა გოგუა მოთამაშე მწვრთნელი გახდა

2020 წლიდან ეროვნული ლიგა 2-ის თბილისის „შევარდენი 1906“-ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გოგიტა გოგუა იქნება. ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ეს ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან თავად დააადასტურა.

„ჯერ კარიერა არ დამისრულებია, მაგრამ „შევარდენი 1906“-ის ხელმძღვანელობა მენდო და გუნდის მთავარი მწვრთნელის დახმარება შემომთავაზეს, ამ ნდობამ გამახარა და დავთანხმდი. პარალელურად, ლიცენზირების კურსის გავლას და მწვრთნელობის შესწავლას ვაპირებ. თუმცა, გარკვევით ვამბობ, რომ ჯერ კარიერა არ დამისრულებია და სანამ ჯანი მაქვს, ამას არც ვგეგმავ” – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გოგიტა გოგუა.

გოგიტა გოგუა 36 წლისაა. მისი პირველი გუნდი იყო „21-ე საუკუნე“, შემდეგ თბილისის „დინამოშიც“ მოხვდა, სადაც პრობლემები შეექმნა და ფეხბურთიდან 16 წლის ასაკში წასვლა გადაწყვიტა. სამი წლის შემდეგ, ფეხბურთის მწვრთნელმა ჯემალ ჩიმაკაძემ ფეხბურთში დააბრუნა. გოგუამ მისი ხელმძღვანელობით ვარჯიში განაახლა და საფეხბურთო კლუბ „თბილისში“ გადავიდა. იმ დროს, თბილიურ კლუბს წვრთნიდა გიორგი დევდარიანი, რომელიც ენდო ახალგაზრდა ფეხბურთელს, ათამაშა და მან ნდობა გაამართლა.

მას შემდეგ გოგუამ არაერთი გუნდის ფორმა მოირგო – საქართველოში, რუსეთში, ყაზახეთში. 2006 წელს, „ხიმკიდან“ იჯარით ნალჩიკის „სპარტაკში“ გადავიდა და რუსეთში სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო ლეგიონერად და პრემიერლიგის საუკეთესო დებიუტანტად დაასახელეს.

2006 წლის ბოლოს გოგუას შოტლანდიურ „ჰართსში“ გადასვლა შესთავაზეს, თუმცა მისი სატრანსფერო ფურცელი „ხიმკის“ ეკუთვნოდა, რომელმაც დიდი თანხა მოითხოვა და ეს ტრანსფერი ჩაიშალა. ქართველმა ფეხბურთელმა კარიერა ისევ რუსეთის პრემიერლიგაში, საფეხბურთო კლუბ რამენსკოეს „სატურნში“ გააგრძელა, სადაც საქართველოს ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მიიწვია. 2005-2012 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 27 შეხვედრა ჩაატარა (1 გოლი).