გოგა ხაინდრავა - ამ არჩევნებმა წერტილი დაუსვა „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „დროას“, „ხალხისთვის“ და ასეთი პარტიების პრეტენზიას, თითქოს რაიმე ტიპის პოლიტიკურ ორგანიზაციებს წარმოადგენენ
გოგა ხაინდრავა - ამ არჩევნებმა წერტილი დაუსვა „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „დროას“, „ხალხისთვის“ და ასეთი პარტიების პრეტენზიას, თითქოს რაიმე ტიპის პოლიტიკურ ორგანიზაციებს წარმოადგენენ

თვითმმართველობის არჩევნებმა ქართული პოლიტიკური აბსურდის თეატრის დამაგვირგვინებელი აქტი შეასრულა და დღეიდან მოყოლებული, იმედი მაქვს, ეს აბსურდის თეატრი დასრულდება ქვეყანაში, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.

ხაინდრავას თქმით, წერტილი დაესვა „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „დროას“, „ხალხისთვის“ და ასეთი პარტიების პრეტენზიას იმაზე, რომ ისინი პოლიტიკურ ორგანიზაციებს წარმოადგენენ.

„აბსურდის თეატრის პირველი ფაქტორი ალბათ ის არის, როდესაც ადარებ თბილისში მერობის კანდიდატ ობგუნჯუს და ჩემ მიერ ჩამოთვლილი პარტიების შედეგებს. ეს მართლაც მეტყველებს, რა მხარდაჭერა აქვთ ამ ვითომ პოლიტიკურ ორგანიზაციებს და რეალობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებს ქართულ საზოგადოებაში. ეს ძალიან კარგია. ამ პოლიტიკური აბსურდის დამთავრების შემდეგ, იმედია, საქართველოში პოლიტიკური კლიმატი შეიცვლება. სამი წელი საკმარისი დროა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ისეთი ადამიანების გაერთიანებით, ვინც არც კრიმინალით, არც სააკაშვილის ერთგულებით და სახელის გადარქმევით იქნება გამორჩეული.

რეალურად, დღეს ქართული ოპოზიციური სივრცე არის უმეცარი, კრიმინალში ეჭვმიტანილი და ადვილი შემოსავლების წყურვილით ანთებული ადამიანების თავყრილობა. მჯერა, ქართულ საზოგადოებაში არის იმდენი ინტელექტი, რომ ეს სიბნელე ჩანაცვლდეს რაღაც ახლით, რადგან საქართველოს განახლება სჭირდება. როდესაც ობგუნუჯუსნაირ შედეგს დებ, სირცხვილით სახლში უნდა წახვიდე და საერთოდ პოლიტიკაზე აღარ ილაპარაკო. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ადგილს, ეს ჭირი და სარკომაა ქვეყნის, ეს არის უბედურება. ეს არის გაერთიანება ბნელების, კრიმინალების და როგორც იქნა, მათი ბელადი აღმოჩნდა იქ, სადაც უნდა იყოს და იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც ყველასთვის ცნობილი იყო. თუმცა, ყველა ცდილობდა, ამაზე ხმამაღლა არ ესაუბრა. ამათან დაკავშირებით, სახალხო – ნაციონალური მოძრაობის დამცველი ქალბატონო ლომჯარია რომ არის, იმას მინდა ვკითხო საჯაროდ – მას მერე, რაც მან სააკაშვილი მოინახულა საპატიმროში, ის ფიქრობს, რომ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებმა უნდა გაიარონ ნარკოტიკზე ტესტი თუ არა? მინდა, ამაზე მიპასუხოს.

ქუთაისზე ლაპარაკიც აღარ მინდა – ასეთი შერცხვენილი ქუთაისი არასდროს ყოფილა, რადგანაც იმ ქალბატონისთვის ხმის მიცემა, ვფიქრობ, რომ საფუძვლიანად ეწინააღმდეგება ქუთაისურ მენტალობას, რითაც ყოველთვის გამორჩეული იყო ეს ქალაქი. ეს იუმორიც აღარ არის, ეს შავი იუმორია. სხვანაირად, არ მესმის, როგორ შემოგვხედავენ ან შევხედავთ ერთმანეთს თვალებში იმის მერე, რაც თბილისსა და ქუთაისში დაფიქსირდა. ვფიქრობ, ამაზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.