გოგა ჩხეიძემ 23-წლამდელთა შორის ევროპის რეკორდი დაამყარა
გოგა ჩხეიძემ 23-წლამდელთა შორის ევროპის რეკორდი დაამყარა

ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა. გოგა ჩხეიძემ სამიდან სამივე ცდა გამოიყენა და 23-წლამდელთა შორის ევროპის რეკორდიც დაამყარა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელს გიორგი ასანიძეს, ჩხეიძისთვის თავიდან შეკვეთილი 131 კილოგრამი ჰქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეიცვალა და ძელი ერთი კილოგრამით დამძიმდა. ცვლილებამ გაამართლა და ქართველმა სპორტსმენმა წონა დასძლია. მეორე მისვლაზე ჩხეიძე 136 კილოგრამს შეეჭიდა და თავი საქმეს ამჯერადაც წარმატებით გაართვა. გადამწყვეტი მესამე მისვლა გამოდგა, სადაც სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით შტანგამ 139 კილოგრამს მიაღწია, რაც 23-წლამდელთა შორის ევროპის ახალი რეკორდი იყო. საბოლოოდ ჩხეიძემ მისია შეასრულა, რეკორდი დაამყარა და ამ შედეგით პირველ დისციპლინაში მეოთხე ადგილი დაიკავა და მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

ვინც მედლისთვის ბრძოლაში გოგას სამი კილოგრამით აჯობა, მანვე მას რეკორდიც მალევე მოუხსნა. იტალიელმა მარკო ზინიმ ატაცის ბრინჯაოს მედალთან ერთად პირველი დისციპლინა 23-წლამდელთა შორის ევროპისა და მსოფლიოს რეკორდით დაასრულა. მან სარეკორდო წონა 142 კილოგრამი მესამე ცდაზე დააფიქსირა.

67 კილოგრამი წონითი კატეგორიის ატაცის ოქროს მედალი თურქმა დანიარ ისმაილოვმა მოიპოვა, რომელმაც მეორე ცდაზე 147 კილოგრამი აიტაცა. მეორე დისციპლინა აკვრა, რომელშიც ქართველი ძალოსანი ბევრად უფრო წარმატებულია რამდენიმე წუთში დაიწყება და მისთვის პირდაპირ ეთერში ყურება საქართველოს პირველ და მეორე არხზეა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჯერჯერობით ერტადერთი მედალი შოთა მიშველიძემ (61 კგ.) მოუტანა, რომელმაც ატაცში პირველი ადგილი დაიკავა.