გოგა ბითაძისა და დუდა სანაძის ინტერვიუები ესტონეთთან გამარჯვების შემდეგ [ვიდეო]

ესტონეთში სტუმრად გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა, დუდა სანაძემ და გოგა ბითაძემ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან პირველი კომენტარები გააკეთეს.

„როგორც მოველოდით, ესტონეთი სწრაფ თამაშს თამაშობს და ვიცოდით, რომ მათთვის არც ამის და არც სწრაფი სამქულიანების ჩაგდების შანსი არ უნდა მიგვეცა. ვფიქრობ პერიმეტრზეც და შიგნითაც ძალიან კარგი დაცვა ვითამაშეთ, ვფიქრობ ბიჭებმა ყველაფერი ძალიან კარგად გავაკეთეთ. ახლა ისრაელთან შემდეგი თამაშისთვის ვემზადებით, რომელიც ვფიქრობ რომ უფრო ძლიერი მეტოქეა და მთავარია თამაშს კონცენტრირებულები შევხვდეთ“, ამბობს გოგა ბითაძე, რომელმაც ესტონეთთან მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 19 ქულა და 11 მოხსნა იყო.

„არ იყო იოლი თამაში, სწრაფ კალათბურთს თამაშობდნენ და ძალიან ბევრ სამიანს ესროდნენ, მაგრამ ჩვენი დიდი უპირატესობა შიგნიდან გვქონდა, ძალიან მაგრად ითამაშეს ჩვენმა მაRალმა ბიჭებმა და ჩვენ დაცვაში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამისთვის ხელი შეგვეწყო. დღევანდელი ტაქტიკა იყო შიგნიდან თამაში და ყველაფერი გავაკეთეთ რომ მოგვეგო. მადლობა ბიჭებს და მინდა მადლობა გადავუხადო დარბაზში მოსულ ქართველ გულშემატკივრებს“, თქვა დუდა სანაძემ, რომელმაც შეხვედრა 7 ქულით, 3 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით და 1 ჩაჭრით დაასრულა.

შეგახსენებთ რომ საქართველოს ნაკრებმა, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე მეოთხე მატჩი მოიგო. რამდენიმე წუთის წინ ილიას ზუროსის გუნდმა, ესტონეთი სტუმრად – 80:73 დაამარცხა.