გოგა ბითაძის „ორლანდოს“ ზედიზედ მეცხრე გამარჯვება NBA-ში - ქართველი ცენტრი კვლავ ძირითად ხუთეულში იყო #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდოს“ ზედიზედ მეცხრე გამარჯვება NBA-ში - ქართველი ცენტრი კვლავ ძირითად ხუთეულში იყო #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ წარმატებულ სვლას აგრძელებს. გამთენიისას ფლორიდელებმა NBA-ში ზედიზედ მეცხრე შეხვედრაში გაიმარჯვეს, მათ ამჯერად საკუთარ მოედანზე „ვაშინგტონ უიზარდს“ 130:125 ძლიეს.

„ორლანდოს“ საშინაო არენაზე ამ გუნდების დაპირისპირება რამდენიმე დღის წინაც შედგა და ის მატჩიც ქართველი ცენტრის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

გოგა ბითაძე ამჯერადაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, მან 24:13 წუთი მიიღო, რა დროშიც 3 ქულა, 5 მოხსნა, 2 დაფარება, 2 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

„ორლანდოს“ რიგებში კვლავ შესანიშნავად გამოიყურებოდა გერმანელი ფრანც ვაგნერი, რომელმაც თავის გუნდს 31 ქულა მოუტანა, 28 ქულა ჰქონდა აშშ-ის ნაკრების უკანახაზელს, პაოლო ბანკეროს. ამჟამად ფლორიდელებს 14 გამარჯვება და 5 მარცხი აქვთ, ამ მაჩვენებლით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე არიან.

სათამაშო დრო მიიღო NBA-ში მყოფმა კიდევ ერთმა ქართველმა, სანდრო მამუკელაშვილმა. მისი „სან ანტონიო სპურსი“ სტუმრად „ნიუ ორლეანთან“ 106:121 დამარცხდა.

სანდრომ მოედანზე 06:04 წუთი გაატარა. მის ანგარიშზე 3 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო. „სან ანტონიო“ ამჟამად 3 გამარჯვებით და 16 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზეა.