გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „ატლანტა“ დაამარცხა და NBA-ს პლეი ოფის საგზური მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) პლეი ინის ეტაპი დაიწყო. აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციაში ორ-ორი გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ასპარეზობას პლეი ოფში გააგრძელებენ.
აღმოსვლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე გასული გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ მოედანზე „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 120:95 გაიმარჯვა. ამით გუნდმა NBA-ს პლეი ოფში თამაშის უფლება მიიღო.
გოგა ბითაძე ორლანდოელთა ძირითად ხუთეულში არ იმყოფებოდა და მწვრთნელისგან შეზღუდული სათამაშო დრო, 4 წუთი მიიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელის ანგარიშზე 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარებაა. ბითაძემ ერთი ორქულიანი ტყორცნა გამოიყენა.
„ორლანდოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 26 ქულა კოულ ენტონის ანგარიშზე იყო, ხოლო შეხვედრა 19 ქულით დაასრულა ვენდელ კარტერმა. შედეგიანობის მხრივ მესამე პაოლო ბანკერო გახლდათ – 17 ქულა.
ფლორიდელთა მეტოქე NBA-ს პლეი ოფის პირველ ეტაპზე მოქმედი ჩემპიონი „ბოსტონ სელტიქსი“ იქნება. გუნდებს შორის სერია 20 აპრილს დაიწყება, გამარჯვებული კი ის იქნება, ვინც 4 მატჩს მოიგებს.
პლეი ინის ეტაპი დაიწყო დასავლეთ კონფერენციაშიც. „გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ საკუთარ დარბაზში დაძაბულ ბრძოლაში „მემფის გრიზლსი“ 121:116 დაამარცხა. მასპინძელთა გამარჯვება ჯიმი ბატლერისა (38 ქულა) და სტეფ კარის (37 ქულა) შედეგიანმა თამაშმა განაპირობა. „გოლდენ სტეიტი“ პლეი ოფის პირველ წრეში „ჰიუსტონ როკეტსს“ შეხვდება.