გოგა ბითაძის მორიგი დუბლი NBA-ში - „ორლანდო“ „ნიუ იორკთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ მორიგი მატჩი საკუთარ მოედანზე აღმოსავლელ კონკურენტთან, ცხრილში ერთი საფეხურით მაღლა მყოფ „ნიუ იორკთან“ გამართა და მარცხი განიცადა – 85:108.
გოგამ ტრადიციულად ორმაგი დუბლი მიითვალა. მის ანგარიშზე 14 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დაგროვდა. 8-დან 5 ორქულიანი, 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საინტერესოა, რომ მან პირველ პერიოდში ზედიზედ 9 ქულა ჩააგდო, რითაც „მეჯიქს“ საწყისი მეოთხედი 29:26 მოაგებინა. ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 31 წუთი ითამაშა. მან ბოლო 8 მატჩში 6 ორმაგი დუბლი მოაგროვა.
„ორლანდომ“ ჩააგდო ბოლო პერიოდი, რომელიც 17:32 დათმო და მასთან ერთად თამაშიც წააგო. ამ მომენტისთვის „მეჯიქს“ 19 მოგება და 14 მარცხი აქვს და აღმოსავლეთში ამ თანმიმდევრობით მყოფ „კლივლენდს“, „ბოსტონს“ და „ნიუ იორკს“ ჩამორჩება. შემდეგ მატჩს „მეჯიქი“ კვლავ ორლანდოში, 30 დეკემბერს, „ბრუკლინის“ წინააღმდეგ გამართავს.