გოგა ბითაძის ინტერვიუ „ევროჰუფსთან“ (Eurohoops.com) - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მოხვედრა ჩემი ოცნებაა
გოგა ბითაძის ინტერვიუ „ევროჰუფსთან“ (Eurohoops.com) - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მოხვედრა ჩემი ოცნებაა

საკალათბურთო გამოცემა „ევროჰუფსი“ (Eurohoops.com) ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელ გოგა ბითაძესთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. საქართველოს პირველი არხი მის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ –

მიუხედავად იმისა, რომ ქართველია, გოგა ბითაძე კალათბურთელად ადრიატიკის ლიგაში თამაშისას ჩამოყალიბდა, სადაც ის „მეგა ბიმაქსის“ და „ბუდუჩნოსტის“ რიგებში ასპარეზობდა. ბითაძე ევროლიგის „ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდოს მოგების მთავარ ფავორიტად ითვლება. „პანათინაიკოსთან“ შეხვედრამდე მან „ევროჰუფსთან“ საკუთარ კარიერაზე, ოცნებებზე, მისაბაძ მაგალითებზე და მომავალზე ისაუბრა.

როგორია შენი გამოცდილება „ევროლიგაზე“? რა აღმოაჩინე ევროპის საუკეთესო ტურნირზე თამაშისას?

ეს ჩემთვის დიდი ნაბიჯი იყო, ვგულისხმობ ევროპაში უმაღლეს დონეზე თამაშს და დიდი გამოცდილება მივიღე. საუკეთესო ცენტრების წინააღმდეგ ასპარეზობამ ბევრი რამ მომცა. არ მეგონა, თუ ამ დონეზე თამაშს მოვახერხებდი, მაგრამ ყველაფერი კარგადაა.

ვინ იყო ყველაზე ძლიერი მეტოქე, ვისაც აქამდე „ევროლიგაზე“ ეთამაშე?

ჯორდან მიკი, რადგან მეოთხე მეოთხედში რთული ბურთები ჩააგდო.

ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია. რამდენად დაგეხმარნენ ისინი და რა მოგცა მათმა მაგალითმა?

როდესაც ვიზრდებოდი, ეს ორი კალათბურთელი ჩემთვის სამაგალითონი იყვნენ. მუდამ ვუყურებდი, როდესაც საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდნენ. ბავშვობაში არ ვიცოდი, მოვახერხებდი თუ არა მაღალ დონეზე თამაშს, მაგრამ ვფიქრობდი, რომ თუ მათ შეძლეს, შანსი მეც მქონდა.

იგრძენი წნეხი, როდესაც ლუკა დონჩიჩის შემდეგ, შენს მიმართაც დიდი მოლოდინი გაჩნდა?

წნეხს არ ვგრძნობ, რადგან თითოეულ თამაშზე ვახდენ კონცენტრაციას და სხვა რამეებზე არ ვფიქრობ. უბრალოდ გავდივარ და ვთამაშობ, მთელი ცხოვრებაა ასე ვიქცევი.

როდესაც პატარა იყავი, ვინ იყო შენთვის სამაგალითო კალათბურთელი და ვის მიბაძვას ცდილობდი?

სანამ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყურებას დავიწყებდი, ჩემთვის მაგალითები თორნიკე შენგელია, ზაზა ფაჩულია და გიორგი შერმადინი იყვნენ. როდესაც გავიზარდე და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყურება დავიწყე, კევინ გარნეტი და ჰაკიმ ოლაჯუვონი გახდნენ ჩემი ფავორიტები. ძალიან რთულია იგივე ნაირად ითამაშო, მაგრამ მათი გადაცემების გაკეთების უნარი ჩემთვის დღემდე გამაოგნებელია. ამ ორი კალათბურთელის საუკეთესო მომენტებს დღემდე ვუყურებ.

რამდენად მნიშვნელოვანია სამ ქულიანის სროლის უნარი, იმის გათვალისწინებით, რომ კალათბურთი სწრაფად ვითარდება?

სროლაზე ყოველდღე ბევრს ვმუშაობ. ვიცი, რომ სამქულიანის ჩაგდება შემიძლია და ეს ადრიატიკის ლიგაში არაერთხელ გამიკეთებია. ამ გუნდში გარედან სროლა ხშირად არ მიწევს, რადგან ამას სხვებიც შესანიშნავად აკეთებენ. მთელი ზაფხული ვვარჯიშობდი და სამ ქულიანის სროლაში მუდმივად ვპროგრესირებ.

მათთვის, ვინც გოგა ბითაძეს არ იცნობს – რომელი საკალათბურთო უნარები გამოგარჩევს?

ძალიან მოძრავი ვარ და ფართან კარგად ვთამაშობ, კონტაქტს არ ვუფრთხი და დაფარებაც შემიძლია. ვფიქრობ, ჩემი განწყობა და შეჯიბრის სურვილი საუკეთესო თვისებებია.

ადრე ახსენე, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თამაში შენი ოცნებაა. რაზე ფიქრობ ახლა, როდესაც 2019 წლის „დრაფტი“ ახლოვდება?

უდავოა, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თამაში ჩემი ოცნებაა. როდესაც მესმის, რომ შესაძლოა დრაფტზე ამიყვანონ და ამ ტურნირზე მოვხვდე, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოტივაციას მაძლევს, მეტს ვშრომობ და კალათბურთზე ვახდენ კონცენტრაციას. ამჟამად, ჩემს გუნდზე ვარ ფოკუსირებული, რადგან ჩვენ ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალში ვართ.

რომელმა პიროვნებამ, მოთამაშემ ან ოჯახის წევრმა მოახდინა შენს კარიერაზე ყველაზე დიდი გავლენა?

მთლიანობაში ჩემმა ოჯახმა. დედაჩემმა, ჩემმა დამ და დეიდაჩემმა, რომლებიც ყველაფერში მეხმარებოდნენ. ისინი ყველა ვარჯიშზე დამყვებოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკმაოდ რთული პერიოდიც გამოვიარეთ, ამაზე ბევრს არ საუბრობენ. ისინი მაძლევდნენ ძალას, რომ ბევრი მევარჯიშა, მენდობოდნენ და სჯეროდათ იმის, რასაც ვაკეთებდი. ისინი ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში ყველაზე მნიშვნველოვანი ადამიანები არიან.

ამ ეტაპზე ვის გამოარჩევდი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში? 

ლებრონ ჯეიმსი. მისი თამაშების ყურება ძალიან მიყვარს და ვწუხვარ, რომ წელს პლეი ოფში ვერ მოხვდა.

რას ეტყოდი ქართველ გულშემატკივრებს?

დიდი მადლობა სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. ყოველთვის 100%-ით დავიხარჯები და გოგას საუკეთესო ვერსია ვიქნები.