გოგა ბითაძეს შემდეგი სეზონიდან ნიკ ნერსის ყოფილი ასისტენტი გაწვრთნის
გოგა ბითაძეს შემდეგი სეზონიდან ნიკ ნერსის ყოფილი ასისტენტი გაწვრთნის

„ინდიანა პეისერსს“ შემდეგი სეზონიდან ნეით ბიორკგრენი გაწვრთნის.

ამის შესახებ გუნდის პრეზიდენტმა კევინ პრიტჩარდმა განაცხადა:

„მოხარულები ვართ, რომ ნეითი გუნდის მთავარ მწვრთნელად დავნიშნეთ. დიდი ხნის ძიების შემდგომ, ვფიქრობთ, რომ ის საუკეთესო არჩევანია. ნეითი ​არის ინოვაციური და აქვს კომუნიკაციის კარგი უნარები, წარსულში მან უკვე არაერთხელ მიაღწია წარმატებას და გვჯერა რომ დაეხმარება გუნდს განვითარებაში.“

ბიორკგრენი 2015-17 წლების სეზონში „ფენიქს სანსში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, 2018 წლიდან კი ის „ტორონტო რეპტორსში“ ნიკ ნერსის მთავარი დამხმარე იყო, სადაც ბეჭდის მოგებაც კი მოახერხა.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნიკ ნერსი NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გახლავთ, რაც ბოლო დროს მას არაერთხელ დაუმტკიცებია, ბიორკგრენსაც ბევრი უნდა ესწავლა მისგან.

შეგახსენებთ, რომ ინდიანამ პლეიოფში მაიამისთან განცდილი მარცხის (0:4) შემდგომ გუნდიდან ნეიტ მაკმილანი გაათავისუფლა, რომელიც გოგა ბითაძეს ძალიან ცოტა სათამაშო დროს აძლევდა.