გოგა ბითაძემ 11 წუთი ითამაშა - „ინდიანამ“ „შარლოტს“ მოუგო [ვიდეო]

28 იანვარს, გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ „შარლოტ ჰორნეტსი“ შინ მიიღო და 116:106 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა 11 წუთი ითამაშა, რა დროშიც მან 2 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება დააგროვა. ბითაძემ ორქულიანი 2-ჯერ ისროლა და ერთხელ ჩააგდო, პერიმეტრიდან ჩაგდება კი 2-ჯერ სცადა, მაგრამ, სამწუხაროდ უშედეგოდ.

სამმაგი დუბლი შეასრულა გუნდის ლიდერმა დომანტას საბონისმა. ლიეტუველმა კალათბურთელმა 22 ქულასთან ერთად, 11 მოხსნა და 10 პასი დააგროვა, შეგახსენებთ, რომ წინა თამაშში საბონისმა მცირე დაზიანება მიიღო, შემდგომ კი როგორც აღმოჩნდა ტრავმა მძიმე არ ყოფილა. ყველაზე შედეგიანი კი დაგ მაკდერმოტი იყო, რომელმაც 28 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.

გოგამ წინა თამაშში „ტორონტოს“ წინააღმდეგ 12 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. მან 4-დან 4 საჯარიმო და 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.

ბითაძის „ინდიანას“ 18 თამაშში მოგება-წაგებათა ბალანსი 11-7-ზე აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.