გოგა ბითაძე - ზუროსი მართალია, დავალება ვერ შევასრულეთ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, ჯგუფიდან გავალთ #1TVSPORT
გოგა ბითაძე - ზუროსი მართალია, დავალება ვერ შევასრულეთ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, ჯგუფიდან გავალთ #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ბითაძემ „თბილისი არენაზე“ გუნდის ვარჯიშის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ევრობასკეტის პირველ შეხვედრაში ილია ზუროსის გაწვრთნილებმა ბელგიის წინააღმდეგ ოვერტაიმში დასანანი მარცხი განიცადეს. ბელგიასთან მატჩისას გოგა ბითაძე დაშავდა და თამაშის დასრულება ვერ მოახერხა. საქართველოს ნაკრების ცენტრს „თბილისი არენაზე“ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, მაგრამ მცირე ინტენსივობით სროლებში ვარჯიშობდა.

– უპირველესად, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაინტერესებს.

– ჯერ ახალი ტრავმაა, გუშინ მივიღე და რთულია ამაზე საუბარი. რა მდგომარეობა იქნება, ხვალ გავიგებთ. ამ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებთ და ხვალ თუ მცირედი შანსი იქნება, აუცილებლად ვითამაშებ.

– ბელგიასთან შეხვედრაზე რას იტყვით?

– ბიჭებმა 100 პროცენტი გააკეთეს და მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ. ვფიქრობ, რომ ამ მატჩის მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ ასე არ მოხდა. რას ვიზამთ, კიდევ ოთხი თამაშია და ჯერ ჯგუფიდან გასვლის შანსს ვინარჩუნებთ. ეს პირველი შეხვედრა იყო და ამით არაფერი მთავრდება. ყველა შეხვედრაზე მოსაგებად გავდივართ და დარწმუნებულები ვართ, რომ ჯგუფიდან გავალთ.

– შემდეგი მატჩები ჯგუფის ფავორიტებთან, ესპანეთთან და თურქეთთან გვიწევს. შანსებზე რას იტყვით?

– სხვათა შორის, თურქეთს მონტენეგროც კარგად ეთამაშა და ვფიქრობ, ყველა გუნდი ძალიან სახიფათოა და ყველას შეუძლია ერთმანეთის მოგება. ჩვენ, ყველა მატჩზე მოსაგებად გავალთ და ქართველ გულშემატკივართან ერთად ეს ნამდვილად შეგვიძლია.

– ილიას ზუროსმა თქვა, რომ დაცვაში ბევრი პრობლემა იყო და რომ გუნდმა ტაქტიკური მონახაზი არ შეასრულა.

– რა თქმა უნდა, მწვრთნელი მართალი არის – თუ ფიქრობს, რომ დავალება არ შევასრულეთ, ასეც არის. ვმუშაობთ, დღეს რაღაცები გავიარეთ და ტაქტიკაზეც ხვალაც, მატჩამდეც ვიმუშავებთ და მატჩს ამ კუთხით მომზადებულები შევხვდებით.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე მეორე ტურის მატჩს ხვალ მსოფლიო ჩემპიონთან, ესპანეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი 3 სექტემბერს 21 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.