გოგა ბითაძე ყოფილ გუნდს შეხვდა - „ორლანდომ“ „ინდიანა“ დაამარცხა #1TVSPORT
გოგა ბითაძე ყოფილ გუნდს შეხვდა - „ორლანდომ“ „ინდიანა“ დაამარცხა #1TVSPORT

გოგა ბითაძე ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ქართველი ცენტრის „ორლანდო მეჯიქი“ „ინდიანა პეისერსს“ ეწვია და 128:116 დაამარცხა.

ბითაძე „ორლანდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 22:23 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 8 მოხსნა, 4 დაფარება, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა აქტივში. ქართველმა თამაშიდან 5-ჯერ ესროლა, საიდანაც 3 სროლა ზუსტი აღმოჩნდა. საჯარიმოს ხაზზე კი ორჯერ დადგა და ორივე შემთხვევაში ზუსტი იყო.

შეხვედრაში გადამწყვეტი პირველივე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც „ორლანდომ“ 42:21 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბითაძე მესამე მეოთხედის ბოლოს გაიყვანეს და მეოთხე მეოთხედში, როცა ყველაფერი გარკვეული იყო, მოედანზე აღარ შეუყვანიათ. ერთ-ერთ მომენტში გოგამ „ინდიანაში“ თავის კონკურენტ მაილს ტერნერს ეფექტურად დაუფარა.

გოგა ბითაძე NBA-ის დრაფტზე „ინდიანა პეისერსმა“ 2019 წელს მე-18 ნომრად აირჩია. ის „ორლანდოში“ გასული სეზონის მიმდინარეობისას გადავიდა. ამჟამად მის გუნდს 8 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა.