გოგა ბითაძე NBA-ს ახალი სეზონის წინ – ჩემი მიზანი უცვლელია, გუნდის წარმატებისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებ #1TVSPORT

16:55, 29.09.2026

„ორლანდო მეჯიქის“ ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის დაწყების წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ეროვნულ გუნდში საკმაოდ დატვირთული ზაფხული მქონდა. სასიხარულოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხიდან სამ შეხვედრაში გავიმარჯვეთ, რაც ჩვენთვის დიდი მიღწევაა. სპორტის მიღმა, ოჯახის წევრებთანაც შევძელი დროის გატარება, კარგად დავისვენე და ახლა მომდევნო სეზონის დაწყებას დიდი ენთუზიაზმით ველოდები.

კალათბურთელებს სრულად გვაქვს გააზრებული ჩვენი საქმე და დროს ტყუილად არავინ კარგავს. მწვრთნელი ყველასგან ბოლომდე დახარჯვას მოითხოვს და შეცდომის შემთხვევაში, შენიშვნას პირდაპირ, პირადად მისგან იღებ. ნებისმიერი მოთამაშისთვის სწორედ ასეთი მიდგომაა სასურველი.

ჩემი მიზანი უცვლელია, გუნდის წარმატებისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებ. არ აქვს მნიშვნელობა, თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან დავიწყებ თუ სათადარიგოთა სკამიდან, ყველაფრისთვის მზად ვარ. კლუბში ამას ხედავენ და აფასებენ. ძალიან მიხარია აქ ყოფნა და მინდა, კლუბსა და ამ ქალაქს მათი თანადგომისთვის მადლობა ჩემი შრომით გადავუხადო“, – ამბობს ბითაძე.

„ორლანდო“ სეზონის დაწყების წინ პირველ ამხანაგურ მატჩს 8 ოქტომბერს „მემფისთან“ ჩაატარებს. პირველი ოფიციალური შეხვედრა ბითაძის გუნდს 22 ოქტომბერს „ატლანტასთან“ ელის.

მსგავსი