გოგა ბითაძე - გუნდის შეცვლაზე ლაპარაკი ნაადრევია

საქართველოს ტელევიზიის პირველ არხს სტუმრობდა NBA-ის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე, რომელმაც გასული სეზონი „ინდიანა პეისერსში“ გაატარა. მან გია თვალაბეიშვილთან განვლილ მატჩებზე და გუნდში მის მომავალზე საინტერესოდ ილაპარაკა. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებსაც შეეხო.

– რამდენად დაემთხვა თქვენი მოლოდინი იმ რეალობას, რაც ამერიკაში დაგხვდათ.

– იოლი ნამდვილად არ ყოფილა. ევროპაში სხვა სტილის კალათბურთია, ამერიკაში – სხვა და წინა სეზონის ევროპაში კარგად თამაშის გამო შემადგენლობაში არავინ ჩაგსვამს – ადგილზე უნდა მოიპოვო სათამაშო წუთები. საზაფხულო ლიგაზეც ვერ ვითამაშე, რომ უკეთ წარმომედგინა თავი. ამიტომ, ვარჯიშებზე უნდა დამემტკიცებინა, რომ სათამაშო დროს ვიმსახურებ. როგორც ველოდი, რთული იყო, მაგრამ ამერიკულ ცხოვრებისა და სათამაშო სტილს მალევე ავუღე ალღო.

– მწვრთნელი სეზონის დასაწყისშივე გეუბნებათ, ვის რა როლი და დრო ექნება გუნდში?

– დრო წინასწარ გამოყოფილი არავისთვისაა, ეს უნდა დაიმსახურო. მწვრთნელ ნეით მაკმილანს დიდი ზეწოლა ჰქონდა, ბევრი მატჩი უნდა მოეგო და ახალგაზრდებს სეზონის დაწყებამდე გველაპარაკა – რამდენი დროც უნდა გქონდეთ, ცოტა თუ ბევრი – ყოველთვის მზად უნდა იყოთო. ცხადია, მზად ვიყავი, მეტ სათამაშო დროსაც მოველოდი, მაგრამ…

– იყო მატჩები, კარგად ირჯებოდით, მაგრამ მეორეში ან საერთოდ არ გათამაშებდათ, ან ძალიან ცოტას. ხსნიდა ამის მიზეზს?

– ამ თემაზე არაფერს ამბობდა. ალბათ, ნდობის ფაქტორი იყო. მის ხელში ბევრ კალათბურთელს გამოუვლია, ახალგაზრდა მოთამაშეებს ბოლომდე არ ენდობოდა. ჩემს გარდა, სათადარიგოთა სკამზე, ბევრი ახალბედა იყო, რომლებსაც თამაში არ უწევდათ.

– ნეით მაკმილანი „ინდიანას“ მწვრთნელი აღარ არის. რამ განაპირობა მისი გათავისუფლება?

– მაკმილანი ძალიან კარგი მწვრთნელია, მაგრამ „ინდიანა პეისერსს“ დიდი ამბიციები აქვს და ხელმძღვანელობა პლეი ოფის პირველ რაუნდს, რა თქმა უნდა, არ დასჯერდებოდა.  მწვრთნელის გუნდიდან წასვლა მეორე ეტაპზე ვერგასვლამ განაპირობა. ახალ მწვრთნელზე ბევრი მსჯელობაა, ახსენებენ „ჰიუსტონის“ თავკაც მაიკ დანტონის, „სან ანტონიოს“ მეორე მწვრთნელს… თუმცა დაზუსტებით ჯერ არავინ არაფერი იცის.

– ინდიანაში ბევრი ტანმაღალი კალათბურთელია, თვლით, რომ არ გაგიმართლათ პირველივე წელს ასეთ გუნდში რომ მოხვდით?

– არგამართლებაზე არ ვფიქრობ. NBA-ში მოხვედრა უკვე დიდი გამართლებაა, თან პირველივე წელს შანსი მომეცა ისეთ გუნდში, რომელიც ყოველ წელს პლეი ოფში თამაშობს, წლეულს რეგულარული ეტაპი მეოთხე ადგილზე დავასრულეთ. მწვრთნელებიც კარგები მყავს, ხელმძღვანელობაც, თანაგუნდელებიც, გულშემატკივრებიც. მოკლედ ინდიანა მშვენიერი ადგილია, სადაც მხოლოდ კალათბურთზე შეგიძლია კონცენტრირდე.

– რა გასწავლათ გასულმა სეზონმა?

– პირველი, რაც ვისწავლე – ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყო. რთულია, როცა მწვრთნელი ერთ მატჩში არ გენდობა, მეორეშიც არ დასჭირდები, მაგრამ შესაძლოა, მესამეში საკმარისი დრო გერგოს. ეს შანსი უნდა გამოიყენო, მოდუნება არ შეიძლება, რადგან კალათბურთელები კონტრაქტებისთვის თამაშობენ, ყველა მზადაა შეგცვალოს თუ სათანადოდ ვერ გაირჯები.

– კონკრეტულად რა კომპონენტში გაქვთ მოსამატებელი?

– ფიზიკურად კიდევ უნდა გავძლიერდე, სისწრაფეც უნდა გავაუმჯობესო… მაკლია ამ დონეზე თამაშის გამოცდილებაც, თუმცა რაც უფრო მეტ დროს მივიღებ, მით მეტ გამოცდილებას შევიძენ. საერთოდ კი ყველა კომპონენტზე ვვარჯიშობ.

– რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ პანდემიამდე „ინდიანა“ უკეთესი გუნდი იყო.

– პანდემიით გამოწვეული შესვენების შემდეგ ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია – რეგულარულში ექვსი მატჩი მოვიგეთ, სამი წავაგეთ. ეს ცუდი ნამდვილად არ არის. გასათვალისწინებელია, რომ აგვისტოს მატჩებში დაგვაკლდა დომანტას საბონისი, რომელიც გუნდის ლიდერია, წლეულს „ოლ სტარში“ მონაწილეობდა. პლეი ოფში ის ძალიან გვჭირდებოდა. ტრავმის გამო შესაძლებლობების 100 პროცენტს ვერ ავლენდა კიდევ ერთი ლიდერი ვიქტორ ოლადიპო. ისიც სათქმელია, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ სეზონი სწრაფად განახლდა, მანამდე საკმარისად ვერ ვივარჯიშეთ.

– ზოგიერთი კალათბურთელი ორლანდოში, კარანტინის პირობებში ცხოვრებითა და თამაშით კმაყოფილი არ იყო…

– ჩემთვის უჩვეულო არაფერი ყოფილა – ხუთი წელია, მარტო ვცხოვრობ, ოჯახისგან შორს ვარ. სასიამოვნო სიტუაცია იყო – მოთამაშეები ერთად ვიყავით… მათთვის, ვისაც ცოლ-შვილი ჰყავს, რა თქმა უნდა, რთული იქნებოდა.

– ყოველი სეზონის შემდეგ ჩნდება შეკითხვა – ხომ არ არის გუნდის შეცვლის პერსპექტივა?

– მეც და ჩემი მენეჯერებიც ვსაუბრობთ „ინდიანა პეისერსის“ ხელმძღვანელობასთან. როგორც ვიცი, ჩემთან დაკავშირებით მომავალში დიდი გეგმები აქვთ და არც ელოდნენ, რომ პირველივე წელს ბევრს ვითამაშებდი. გუნდის შეცვლაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა, წინ მომავალი წელია და შესაძლოა, რადიკალურად სხვა სიტუაცია იყოს.

– „ინდიანაში“ ყველაზე მეტად ვის დაუახლოვდით?

– ყველა ძალიან კარგი ადამიანია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ვახშმებზე ხშირად ერთად დავდივართ. თითოეულთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ვიტყვი, რომ დომანტას საბონისი მაინც ევროპელია, უფრო ადვილი იყო საერთო ენის პოვნა.

– რა სხვაობაა ევროპულ და ამერიკულ კალათბურთში, თუნდაც ორგანიზების, თამაშის სტილის მხრივ?

– NBA-ში ორგანიზება უმაღლეს დონეზეა. იქ კალათბურთი ბიზნესია, დიდ ფული ტრიალებს და  მოთამაშეების დონეც, შესაბამისად, მაღალია. ამ ლიგაში მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელები არიან თავმოყრილნი. ევროპასთან შედარებით ამერიკაში ბევრი თამაშია, სწრაფი კალათბურთია, მეტი სივრცე იქმნება, ბევრი მაღალი დონის ინდივიდუალისტია…

– თავს როგორი ყაიდის მოთამაშედ მიიჩნევთ?

– თუ დრო მომეცემა, ჩემს საქმეს სათანადოდ გავაკეთებ. შემიძლია როგორც ევროპული, ასევე ამერიკულ სტილში თამაში.

– როგორია თქვენი პროგნოზი – ვინ გახდება წლეულს NBA-ის ჩემპიონი?

– რთული სათქმელია. თუმცა ვფიქრობ, რომ ფინალში „ლეიკერსი“ და „ბოსტონი“ გავლენ. ლოსანჯელესელებს ამ სეზონში კარგი, დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ.

– იყო ერთი მეტად საინტერესო ეპიზოდი – „ლიკერსთან“ მატჩში ლებრონ ჯეიმსს დაუფარე. დღეს როგორ გახსენდება ეს მომენტი?

– ლებრონ ჯეიმსი NBA-ის სუპერვარსკვლავია და არ მინდა ზედმეტად თამამად გამომივიდეს, თუმცა როდესაც მოედანზე გავდივარ, მხოლოდ გუნდის წარმატებაზე ვფიქრობ. ამისთვის ბურთის ჩაგდებაც აუცილებელია და დაფარებაც. სასიამოვნოა, რომ ასეთი დონის ვარსკვლავს დაუფარებ, მაგრამ ზოგადად რომ შევხედოთ, ეს ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი იყო.

– NBA-ის ორგზის ჩემპიონ ზაზა ფაჩულიასგან თუ იღებთ რჩევებს.

– მასთან ხშირი მიმოწერა მაქვს. თავიდანვე მეუბნებოდა, რომ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოხვედრა ძალიან რთულია, მაგრამ კიდევ უფრო რთულია იქ დამკვიდრება. ზაზა ასევე მირჩევს, რომ ზაფხული მაქსიმალურად გამოვიყენო. რა თქმა უნდა, დასვენებეც საჭიროა, მაგრამ აუცილებელია ბევრი მუშაობა, რომ გავუმჯობესდე და უფროდაუფრო უკეთესი გავხდე.

– სანაკრებო თემას გვერდს ვერ ავუვლით. შესარჩევი მატჩების თარიღები NBA-ის სეზონს ემთხვევა. როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა ეროვნულ გუნდთან?

– როცესაც დრო მექნება და გამომიშვებენ, ყოველთვის მზად ვარ ეროვნულ გუნდში სათამაშოდ. დამიჯერეთ, ნაკრებში თამაშზე კარგი არაფერია. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან მიაღწევენ შეთანხმებას, რომ სანაკრებო მატჩები და NBA-ის სეზონი ერთმანეთს არ დაემთხვეს. ნაკრების მატჩები ისედაც იშვიათადაა და გულდასაწყვეტია, რომ ჩამოსვლას ვერ ვახერხებთ.

ფოტოები: gettyimages.com