გოჩოლეიშვილი „შახტარში“ ცენტრალურ ნახევარმცველად ათამაშეს - დონეცკელები კიევის „დინამოს“ დაუზავდნენ #1TVSPORT
გოჩოლეიშვილი „შახტარში“ ცენტრალურ ნახევარმცველად ათამაშეს - დონეცკელები კიევის „დინამოს“ დაუზავდნენ #1TVSPORT

გიორგი გოჩოლეიშვილის დონეცკის „შახტარი“ უკრაინის ჩემპიონატში ტრადიციულ კონკურენტს, კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა – 1:1.

საქართველოს ნაკრების მცველი ზედიზედ მესამედ დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და 76-ე წუთზე შეცვალეს. მთავარი ისაა, რომ გიორგიმ მისთვის სრულიად უცხო პოზიციაზე ითამაშა.

საინტერესო დეტალია – კიევის „დინამოსთან“ პრინციპულ დაპირისპირებაში დონეცკელთა მწვრთნელმა, იგორ იოვიჩევიჩმა დაცვის მარჯვენა ფლანგზე დააბრუნა ეფიმ კონოპლია, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი საყრდენ ნახევარმცველად ტარას სტეპანენკოს შეუწყვილა.

დონეცკელებმა ანგარიში მე-12 წუთზე გუნდის კაპიტნის, ტარას სტეპანენკოს შორეული დარტყმით გახსნეს. კიეველებმა წონასწორობა მხოლოდ 83-ე წუთზე ალექსანდრ ანდრიევსკის გოლით აღადგინეს.

უკრაინის პრემიერლიგაში გამართული 22 ტურის შემდეგ „შახტარი“ 53 ქულით ჩემპიონატის ლიდერია და მეორეადგილოსან ლუგანსკის „ზორიას“ 6 ქულით ასწრებს.