გოჩოლეიშვილი „საბურთალოს“ დაემშვიდობა - ერთად ბევრი გამოვიარეთ და წარმატებებს გისურვებთ #1TVSPORT
გოჩოლეიშვილი „საბურთალოს“ დაემშვიდობა - ერთად ბევრი გამოვიარეთ და წარმატებებს გისურვებთ #1TVSPORT

გიორგი გოჩოლეიშვილი „საბურთალოში“ თანაგუნდელებს დაემშვიდობა. ბოლო ტურის მატჩის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ შალამბერიძემ წარმატებები უსურვა. გუნდის წევრებს თავად გოჩოლეიშვილმაც მიმართა.

„ჩვენ ერთად ბევრი გამოვიარეთ, სულ ერთმანეთის გვერდით ვიდექით და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ბიჭებს, მწვრთნელებს, უფროსობას. ყველას წარმატებებს გისურვებთ“, – თქვა გიორგი გოჩოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, „საბურთალომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი უკრაინის ერთ-ერთ ტიტულოვან და ისტორიულ კლუბში, დონეცკის „შახტარში“ ითამაშებს. მხარეებს შორის მოლაპარაკება დასრულდა. ახალ კლუბში 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. გოჩოლეიშვილი „შახტარს“ იანვრიდან შეუერთდება.

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში გოჩოლეიშვილმა არაერთი კარგი მატჩი ჩაატარა. 17 ნოემბერს კი ფეხბურთელის კარიერაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – გიორგიმ მაროკოსთან ამხანაგურ შეხვედრაში ეროვნული ნაკრების მაისური პირველად მოირგო.