გოჩა თევდორაძე - „ევროპელი სოციალისტები“ საპარლამენტო პარტიად ვერ ჩამოყალიბდება
გოჩა თევდორაძე - „ევროპელი სოციალისტები“ საპარლამენტო პარტიად ვერ ჩამოყალიბდება

წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი პარტიის სიიდან პარლამენტში შესულ ჩვენს ადგილმონაცვლეებს პარტიულ საქმიანობაში, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, გოჩა თევდორაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომაგენლების მიერ დაფუძბენული „ევროპელი სოციალისტები“ საპარლამენტო პარტიად ვერ ჩამოყალიბდება.

„ის პარტიის სახით პარლამენტში წარმოდგენილი იქნება, თუ მორიგ არჩევნებში გამარჯვებას მიაღწევს და ბარიერს გადალახავს. ამჯერად პარტიული სახით ვერ იქნება წარმოდგენილი. თუმცა „ქართულ ოცნებას“ ასე უნდა წარმოჩენა. იგივე წარმატებით, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, შიდა შემადგენლობიდან 90 დეპუტატი ოთხ-ოთხად გაყოს, ასე პარტიები შექმნას და გამოვა, რომ საქართველოს პარლამენტი გვექნება არა ერთპარტიული, არამედ 24-პარტიული ასეთივე წარმატებით.

ეს ყველაფერი ვერ შესძენს ფუნქციას საქართველოს პარლამენტს, ვერ შესძენს ლეგიტიმაციას და ვერ შესძენს მრავალპარტიულობას. ამიტომ დღის წესრიგში აუცილებლად დადგება ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი, ეს სურს „ქართულ ოცნებას“ თუ არა. მე არ ვფიქრობ, რომ ამ პარტიას დღეს რაიმე დიდი პერსპექტივა აქვს, ეს პარტია საპარლამენტო პარტიად ვერ ჩამოყალიბდება, რადგან საპარლამენტო არჩევნები უკვე დასრულებულია. მე მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. როგორი იქნება, წარმატებული იქნება-არ იქნება, მორიგი არჩევნები გვიჩვენებს, რას შეძლებს ეს ახალი პოლიტიკური ძალა“, – აცხადებს თევდორაძე.

ამასთან, შეკითხვაზე, თუ გადავიდა კიდევ ვინმე მათი პარტიიდან დღეს დაფუძნებულ ახალ პარტია „ევროპელ სოციალისტებში“, გოჩა თევდორაძემ აღნიშნა: „პარტიული აქტივიდან მე დღეს ამ ყრილობაზე „პატრიოტთა ალიანსის“ სახეები ვერ დავინახე, ამიტომ ვთვლი, რომ პარტიიდან რაღაც აქტივი ამ მიმართულებით არ წასულა“.